“თალიბანმა” გაეროს თანამშრომელ ქალებს მუშაობა აუკრძალა

ავღანეთში გაეროს მისიამ “თალიბანის” ხელისუფლებისგან მიიღო შეტყობინება, რომ მისიის ადგილობრივ ქალ თანამშრომლებს მუშაობა ეკრძალებათ.

გაერო ავღანეთში მუშაობის შესაძლო შედეგებს სწავლობს.

ამის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის სპიკერმა განაცხადა.

„ქაბულში დამატებითი შეხვედრების გამართვას ვგეგმავთ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვიმედოვნებთ, რომ ისინი სიტუაციაში გარკვევაში დაგვეხმარებიან“, – განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.

მისი თქმით, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ასეთი აკრძალვა „მიუღებლად და წარმოუდგენლად მიაჩნია“.

დუჟარიკის თქმით, ასეთი აკრძალვები ძირს უთხრის ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. მისი თქმით, გაეროს თანამშრომლები, ავღანეთში ოპერაციების ფარგლებში, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

დუჟარიკმა თქვა, რომ ავღანეთში გაეროს 4000 თანამშრომლიდან 3300 ადგილობრივი მცხოვრებია, თუმცა, მას არ დაუზუსტებია, რა რაოდენობის ქალია დასაქმებული ადგილობრივ ორგანიზაციაში.

მისივე თქმით, ამ საქმეში ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურული მახასიათებლების გათვალისწინებითაც, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალებისთვის დახმარების გაწევა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები