“მე მყავს ტრამპის მოძულე მოსამართლე, ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება” – დონალდ ტრამპი
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა „ჯოჯოხეთში მიექანება“.
ამის შესახებ მან ფლორიდაში, თავის რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში მხარდამჭერებისადმი მიმართვაში თქვა, სადაც ის ნიუ-იორკიდან სასამართლოს პროცესის შემდეგ დაბრუნდა.
25-წუთიან მიმართვაში მან თავი სრულიად უდანაშაულო გამოაცხადა და თქვა, რომ დემოკრატების ინტრიგების მსხვერპლი გახდა, რომლებიც ამერიკის „განადგურებას ცდილობენ“.
”მე მყავს ტრამპის მოძულე ოჯახიდან – ტრამპის მოძულე მოსამართლე!” – თქვა ექსპრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა კომენტატორი და ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა.
მიმართვაში ის კვლავ შეეხო 2020 წლის არჩევნებს და თქვა, რომ “2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა, ჩვენ სასარგებლოდ ყოფილიყო. არა ჩემ სასარგებლოდ, არამედ – ჩვენ სასარგებლოდ – რადგან ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება”.
ტრამპის მტკიცებით, აშშ-ის არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ხდება.
„არჩევნებში ისეთი მასშტაბური ჩარევაა, როგორიც აქამდე არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. დაწყებული ჯორჯ სოროსის მიერ მხარდაჭერილი პროკურორით, ელვინ ბრეგით, რომელიც კამპანიას აწარმოებს იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპს მისწვდება“, – თქვა მან და გაიმეორა, რომ მის ქმედებებში დანაშაული არ ყოფილა.
ასევე, ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირობებში მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების შესაძლებლობა არსებობს.
„ქვეყნების ღია მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ – ტრამპის ადმინისტრაციის დროს მსგავსი არასოდეს ყოფილა ნახსენები და განხილული სხვა ქვეყნების მიერ და ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ამან შეიძლება, მესამე მსოფლიო ბირთვული ომი გამოიწვიოს. ამისგან არც ისე შორს ვართ, გჯერათ ამის თუ არა”,- თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მომენტი დაასახელა – ავღანეთიდან სამხედროების გასვლა.
„ავღანეთიდან ჩვენმა არაკომპეტენტურმა გამოსვლამ, სადაც დავტოვეთ ამერიკელი მოქალაქეები და 85 მილიარდი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა, მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა, დავკარგეთ 13 ბრწყინვალე სიცოცხლე – ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე სამარცხვინო დრო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – თქვა ტრამპმა ფლორიდაში.