კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა

20 იანვარს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა, რომელიც აერთიანებს მის ქანდაკებებსა და ბოლო პერიოდის ესკიზებს. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„გამოფენამდე რამდენიმე თვით ადრე, სამინისტროს მიერ გამოიცა ალბომი „რუსუდან გაჩეჩილაძე – უცნობი მოდერნისტი“. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდისთვის რუსუდან გაჩეჩილაძის სამი საეტაპო ქანდაკება: ოთარ ჭილაძის, დავით ჯმუხაძისა და მურაზ ჯაფარიძის პორტრეტები, ასევე, ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევარი „მატიანე” შეიძინა, რომელიც ცხრა ქანდაკებისგან შედგება. 30-წლიანი წყვეტის შემდეგ კი – 2021 წელს, 1950-70-იანელ მხატვართა გრაფიკული ნამუშევრების ახალი კოლექცია კიდევ ხუთი ექსპონატით გაამდიდრა.
რუსუდან გაჩეჩილაძე მოქანდაკე, პედაგოგი და ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორია. მის პირველ რეტროსპექტულ გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ XX საუკუნის 60-80-იან წლებში შექმნილი ქანდაკებები და 2017–2020 წლების გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა უმეტესობა მოდერნისტული სკულპტურის ესკიზებია.
რუსუდან გაჩეჩილაძე 60-იანი წლების ქართველ მოქანდაკეთა თაობას მიეკუთვნება – თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1962 წლის გამოშვება) მან სერგო ქობულაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნოებში მიიღო განათლება.
სახელოვნებო კრიტიკამ რუსუდან გაჩეჩილაძე შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე აღიარა ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ უარი თქვა ზედაპირულად გაგებულ რეალისტურ გამოსახულებაზე და სკულპტურას თავდაპირველი მაგიურობა და ვიტალურობა დაუბრუნა. ამასთან ერთად, პოლიქრომიის მეშვეობით, თაბაშირის შუალედური მატრიცა საბოლოო მასალად აქცია მისთვის ტერაკოტის, მარმარილოსა თუ ბრინჯაოს ფაქტურის მიცემით.
ნიჭის უდავო აღიარების მიუხედავად, რუსუდან გაჩეჩილაძეს არასდროს ჰქონია შეთავაზება მონუმენტური ფორმის შესაქმნელად. შესაბამისად, მისი არცერთი ქანდაკება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არ დგას… მოქანდაკე იფარგლებოდა მცირე პლასტიკის კამერული ჟანრით: ქმნიდა პორტრეტებსა და კომპოზიციებს. პარალელურად, ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს, აკადემიურ ხატვას ასწავლიდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხატვის ფაკულტეტზე.
რუსუდან გაჩეჩილაძის მიერ ბრინჯაოში ჩამოსხმული საეტაპო ქანდაკებები, 1990-იანი წლების დასასრულს, ფერად ლითონებზე ნადირობის კამპანიებმა შეიწირა. დღეს მისი საქანდაკო შემოქმედებიდან მხოლოდ თაბაშირის ვარიანტებია დარჩენილი. მათგან ნაწილი ოსტატურადაა დაფერილი ან დაჟანგული. ძარცვას გადარჩენილი ბრინჯაოს ერთადერთი ქანდაკება – ბესიკ ხარანაულის პორტრეტის პირველი ვარიანტი – ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის მუზეუმში ინახება.
პედაგოგიური საქმიანობის დასრულების შემდგომ, ორიათასიან წლებში, რუსუდან გაჩეჩილაძემ მოდერნისტულ ქანდაკებათა ესკიზების სერია შექმნა. მხატვარმა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენა – გაზარდა ნამუშევართა მასშტაბი და მინიმალისტისთვის დამახასიათებელი უძუნწესი საშუალებებით – ცარცით, კალმითა და ფანქრით, ისინი ტონირებულ ქაღალდზე გადაიტანა.
გაჩეჩილაძის გრაფიკული შემოქმედების მთავარი მოტივებია: ათლეტები, მეომრები, მხედრები, წამოწოლილი ფიგურები, „ქუჩის მადონები“, ომის მემორიალები, აბსტრაქციები და ანგელოზები; ქანდაკებაში – პორტრეტი და ალეგორიული კომპოზიციები. რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება მნიშვნელობის მიუხედავად მრავალრიცხოვანი არაა: ოცდაათამდე სკულპტურული პორტრეტი და კომპოზიცია; ას ორმოცდაათამდე – გრაფიკული ნამუშევარი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში 4 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები