პოეტ ლადო სეიდიშვილის ნეშტის გადმოსვენება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში და ხსოვნის საღამო
10 მაისს, 13 საათზე, აჭარაში მოღვაწე მწერლების თხოვნითა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის – ლადო სეიდიშვილის ნეშტს გადმოასვენებენ ფერიის ე. წ. პანთეონიდან ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში.
აჭარის მწერალთა სახლის ინფორმაციით, ჩატარდება შესაბამისი საეკლესიო ცერემონიალი, რის შემდეგაც შეკრებილი საზოგადოება გადაინაცვლებს მელიქიშვილის 21-ში, სადაც გაიმართება პოეტის ხსოვნის საღამო.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას წარედგინება ლადო სეიდიშვილის ლექსებისა და სონეტების კრებული „თეთრი ნიჟარის სევდა“, რომელიც 2025 წელს გამოსცა აჭარის მწერალთა სახლმა „საიუბილეო სერიით“ და მიუძღვნა პოეტის 95-ე წლისთავს.
ლადო სეიდიშვილი (1931 – 2010)
მწერალი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1931 წლის 21 იანვარს, ქალაქ ბათუმში.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის სპეციალობით. მუშაობდა ფერწერაში, გრაფიკაში, წიგნის მხატვრობაში.
ლადო სეიდიშვილის პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1956 წელს.
1965 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია;
1965-1968 წლებში არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის აჭარის განყოფილების თავმჯდომარედ.
1969 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
გამოცემული აქვს ათზე მეტი პოეტური კრებული: „მზის ხმაური“ (1960), „ადამის ვაშლი“ (1972), „ლექსები“ (1979), „ლექსები, ლირიკული პოემა“, „წვიმის ქანდაკება“ (1990), „ზნენი და ვნებანი“ (1995), „სიყვარულის პალიმფსესტი“ (1997), „სონეტები, მონოლოგები“ (ერთტომეული, 2001), „რეკვიემი“ (2005), „სონეტების გვირგვინი“ (2012), „თეთრი ნიჟარის სევდა“ (2025) და სხვ.
დაჯილდოებულია მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით.
გარდაიცვალა 2010 წლის 27 თებერვალს.
ლადო სეიდიშვილი
ნიჟარა
დევს თეთრი ნიჟარა მცხუნვარე სილაში,
მეტად საამო ჟუჟუნს გამოსცემს…
შეყუჟული ვარ ამ ნიჟარაში,
შეგუებული ვიწრო სამოსელს.
ვიცი, აქ მალე ვერ დავეტევი,
ნიჟარის კედლებს წალეკავს ღელვა,
ვიდრე ვიგრძნობდე მარგალიტების
მაძიებელთა დაბუჟულ ხელებს…
თრთის მირაჟივით საკანი თეთრი
ხვალინდელი დღის ფიქრი და საშო,
სიცხადეში რომ ვთავსდებით ერთად,
გამოსცემს ჟუჟუნს ვით სათამაშო.
რაც გვაახლოებს და რაც გვაშორებს,
მართავს აქ რაღაც შეუცნობელი –
უმნიშვნელოს თუ ფიქრებს მაჟორულს –
თვით დირიჟორის გრძნეული ხელი.
აქ შემოდიან საგნის ხატებით,
მზის უკმარობით გადმოჟურულნი,
ჯგუფდებიან ვით ორკესტრანტები
და მწყობრად ქმნიან ერთიან ჟუჟუნს.
ჭიანჭველების მჭევრმეტყველებით
ფაციფუცობენ და ერთი წამით –
მარადისობა დატყვევებული
ბერდება, როგორც ასაკი წყნარი.
ნიჟარა მოჰგავს დიდ სათამაშოს,
მეტად საამო ჟუჟუნს გამოსცემს
და მყუდროების გრილ სავანეში
უსაზღვროება იცვლის სამოსელს.
ოფორტი
ბათუმი ისევ თამამი წვიმის
მოაშიკე და ანაბარაა.
ან აბა, რაა ღვთიური წილი
ჩემი ცხოვრების? – ანაბანაა!
თრთოლა და კვდომა, არა საშინლად,
უმწეო თუთის თუ არ იწამე,
ვით უაზრობას, ისე წაშლიდა
გაზაფხულს თავად მისი სიმწვანე.
ან აბა, რაა ეს სიმარტოვე,
ანაბარაა წვიმის ბათუმი.
წარმოდგენაში რჩება მარტოდენ
წვიმა, ობობა და მებადური.
* * *
გააღეთ კარი!.. ვდგავარ ცარიელ
სახლის კარებთან და ვაკაკუნებ.
იქნება ჩემთვის აღარ სცალიათ,
აღარ ვჭირდები ამ საუკუნეს.
გააღეთ კარი!.. შიგნიდან ხელი
ისე ძლიერად აწვება კარებს –
რომ მე ამტკივდა ხელი, რომელიც
ჩემია… მაშინ როგორ ვარ გარეთ?!
გააღეთ კარი!.. გამომწყვდეული
ჩემივე თავის ვყოფილვარ მახე,
მაგრამ გარედან ჩემი სხეული
ისე აწვება – რომ ვეღარ ვაღებ.
დედა
შენთან ვიყო…
ჩემთან იყო…
არა იყო რა –
უკვე შვიდი გასულიყო,
დამდგარიყო რვა.
ეს სამყარო,
ის სამყარო,
შუა ხიდი დევს,
ვარსკვლავები ჩაყრილიყო
სულის სიღრმემდე.
ვიხედები…
სად ხარ, დედი,
ვინ იძახის, სუ!
წინ გორაკი აგიფარავს,
აღარ ჩანხარ სულ,
შენმა შვილმა
გარეთ, შინაც,
გაგაწბილა, ხომ? –
ისე როგორ შეგაშინე,
ღმერთს შენდობას თხოვ!
ო, ამ ნაღველს,
გულს რომ არღვევს,
დაუზოგავს რა…
რომ საფლავის უძრავ თაღებს
არ ვანდობდე გვამს.
ესეც ჩვენი
დასარჩენი
მიწაა და ქვა.
და ყველა გზა გრძელზე გრძელიც
ამ დასასრულს ჰგავს.
ეს ნაპირი,
ის ნაპირი,
შენ სადა ხარ, დე?..
წამოსვლა თუ დააპირო,
ხიდი აქვე დევს.