„მე ვიყავ მოზარე, ვიდრე მომღერალი“ – ზურაბ გორგილაძის დაბადების დღე
1937 წლის 5 მაისს ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში პოეტი ზურაბ გორგილაძე დაიბადა.
1961 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად; 1992 – 1994წწ. მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლაში მშობლიურ სოფელ ხალაში ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებლად.
1961 წელს გამოვიდა პირველი წიგნი „ნედლი სალამური“; ავტორია პოეტური კრებულებისა: „დიდი თვალები“ (1964), „ლირიკული პოემები“ (1969), „ზღვიდან აკრეფილი კენჭები” (1970), „ლექსები” (1973), „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო” (1975), „სინაზე” (1977), „ლირიკა” (1979), „მოფერება” (1984), „ხატიმამული (1995), „ოჰოი ნანა” (1997) და სხვა;
მის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი – სამი წიგნი. 2008 წელს ბათუმში გორკის (შემდგომ იბერიის) ქუჩას მიენიჭა ზურაბ გორგილაძის სახელი.
***
ქნარებში − კეთილი ტიროდა აშიკი,
ვნებებში − მტარვალი ბრუნავდა გენია,
მაღლიდან გროშივით გადმოყრილ ტაშისთვის,
მე ერთი სტრიქონიც არ წამომცდენია.
დანთქმული დღეების მოწყენას ვბარდები,
დღეებიც დღეების დიდებას სდევნიან,
ქანდარა დამეგმო, გამერთო პარტერი −
მე ერთი ბწკარედიც არ წამომცდენია.
შმაგი ერთგულებით მზვერავდა დიადი,
ვინ იცის თვალთაგან რა თოვლი მდენია,
რომ გამომეწვია წკვარამი დიაცის,
კიმპალიც რა არი, − არ წამომცდენია.
ზოგზოგებს მსუბუქი სიმღერა ვეგონე,
მსუბუქად შეშლილი ნებიერ თითებთან,
ნაკლებად ესმოდათ ჩემს ბოროტ მეგობრებს,
ხარხარში ჩაკლული ტკივილის დიდება.
მირონი, მუდარით გამთბარი მირონი,
კეთილი გენიით მნათლავდა ყოველდღე
და გაღმერთებული სიცილით ვტიროდი,
სასახლის სვეტებზე გამობმულ პოეტებს.
და ასე მივდივარ… უხვიც და ვერანიც,
ზოგისთვის ვაჟკაცი ზოგისთვის მკვეხარა,
მე ვიყავ მოზარე, ვიდრე მომღერალი,
აკაკის ცრემლებით დამბალო ქვეყანავ.
ზურაბ გორგილაძე