“2022 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რასაც, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ლარის გამყარების შეუქცევადი ტენდენციაც გვიჩვენებს” – ცუცქირიძე
ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021
წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.
“როგორც მოსალოდნელი იყო, რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რასაც, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ლარის გამყარების შეუქცევადი ტენდენციაც გვიჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტად – 101.7%-ით გაიზარდა და 1,675.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, და 24 %-ით აღემატება თვით 2019 წლის წლიურ მაჩვენებლსაც კი!
2022 წლის მესამე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ (99.3%-ით) გაიზარდა და 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მე-3 კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2014 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 83.5%-ით აღემატება პანდემიამდელ, 2019 წლის მე-3 კვარტლის მონაცემსაც.
ნიშანდობლივია, რომ პირველი სამი კვარტლის მიხედვით, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 225 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემზე, როდესაც წლიურმა მაჩვენებელმა სარეკორდო 1 990.5 მლნ დოლარი შეადგინა, წლის ბოლოს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და სავარაუდოდ 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ამასთან, ერთი ნიუანსიც უნდა დავამატოთ FDI-ის საკითხს.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე, ანუ ერთწლიან პერიოდში საქართველოში $ 2 მილიარდ 87 მილიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წლიური პერიოდის ახალი ისტორიული მაქსიმუმია და სავსებით რეალურს ხდის წლის ბოლოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდასაც.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაღალი ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნესგარემოს და შეუქცევადი სტაბილიოზაციის მიმართ.
ამის დადასტურებაა მე-3 კვარტალში წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი როგორც რეინვესტირება, ასევე სააქციო კაპიტალში ინვესტიციების მოცულობა. კერძოდ რეინვესტირება 52.3%-ით გაიზარდა და 446.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სააქციო კაპიტალი სარეკორდოდ 6-ჯერ არის გაზრდილი და 226 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამი კვარტლის მონაცემებით, რეინვესტიცია გაზრდილია 62.7%-ით და მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. სააქციო კაპიტალი, სამი კვარტლის მონაცემით, გაზრდილია 5-ჯერ მეტად და 575.9 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება.
2022 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების, საფინანსო, მშენებლობის და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში.
უძრავი ქონების სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 265.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 256 მლნ. აშშ. დოლარით (28-ჯერ მეტად) მეტია 2021 წლის III კვარტლის მაჩვენებელზე. საფინანსო სექტორში 159 მლნ. აშშ. დოლარის ინვესტიციები განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებლებზე 68.2 მლნ. აშშ. დოლარით (75.1%-ით) მეტია წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით. მშენებლობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 13.9 მლნ. აშშ. დოლარით (8-ჯერ) და 15.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც 10 მლნ. აშშ. დოლარით (2-ჯერ მეტად) აღემატება წინა წლის მესამე კვარტლის მონაცემს, სასტუმროსა და რესტორნების სექტორშიც 2021 წლის II კვარტალში ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ქვეყნების მიხედვით 2022 წლის სამ კვარტალში ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ევროპიდან განხორციელდა. ესპანეთიდან (363.6 მლნ. აშშ. დოლარი – 21.7%), გაერთიანებული სამეფოდან (274.7 მლნ. აშშ. დოლარი – 16.4%) და ნიდერლანდებიდან (125.3 მლნ. აშშ. დოლარი – 7.5%). ეს ფაქტი ასევე მიანიშნებს ევროკავშირში ინტეგრაციის მზარდ ტენდენციაზე.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს, მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას”, – წერს ცუცქირიძე.