ლენინის უკანონო შვილები – ვინ ამტკიცებდა ბელადთან ნათესაობას
ოფიციალურ ვერსიას თუ დავუჯერებთ, ვლადიმირ ლენინს შვილები არ ჰყავდა. მისი მეუღლე, ნადეჟდა კრუპსკაია უშვილო იყო. მიუხედავად ამისა, არსებობდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პროლეტარიატის ბელადის შვილი იყო. ვინ არიან ეს ადამიანები და რამდენად მართალია მათი ისტორია?
ყველაზე ცნობილი „ლენინის შვილი“ ინესა არმანდის უმცროსი ვაჟი გახლდათ. ორი რევოლუციონერის ახლო ურთიერთობაზე ყველამ იცის. გარეგნულ მსგავსებას ანდრეი არმანდსა და ლენინს შორის ბევრი ამჩნევდა, მაგრამ ერთი რამ არ ემთხვევა – ბავშვი იქამდე დაიბადა, სანამ ორი ბოლშევიკი ერთმანეთს გაიცნობდა. არმანდის შთამომავლებიც კატეგორიულად უარყოფენ ლენინთან ნათესაურ კავშირს.
ინესა არმანდთან კიდევ ერთი არაკანონიერი ვაჟიშვილის ისტორიაა დაკავშირებული. ვინმე ალექსანდრ სტეფენი აცხადებდა, რომ დაიბადა 1913 წელს, ინესასა და ლენინის კავშირის შედეგად. თუმცა, გაჩენის შემდეგ ის ავსტრიელი რევოლუციონერის ოჯახში გაგზავნეს აღსაზრდელად. სტეფენი ჰყვება, რომ მას დედა აკითხავდა და წერილიც კი აჩუქა, რომელიც ლენინის ხელით იყო დაწერილი. მოზარდობის ასაკში ახალგაზრდა, სტალინის პირადი ბრძანებით, აშშ-ში გაემგზავრა. იქ მან მიიღო განათლება, დაქორწინდა და მრავალი წელი იცხოვრა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სტეფენი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.
ალექსანდრ სტეფენი ლეონიდ ბრეჟნევსაც კი შეხვდა, რომელმაც, როგორც იცოდა, მხურვალედ გადაკოცნა იგი და ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. არცერთი საბუთობრივი მტკიცებულება ნათესაობის შესახებ არც არმანდთან და არც ლენინთან არ არსებობს, მაგრამ ამან ალექსანდრს ხელი ვერ შეუშალა, მოხვედრილიყო გერმანულ წიგნებში, როგორც „ლენინის ერთადერთი შთამომავალი“.
ვლადიმერ ლენინის კიდევ ერთი არაკანონიერი შვილი იყო ანდრეი მირონოვი. ის ინა ლენინას შვილია, რომელიც მოგვიანებით ცნობილი საოპერო მომღერალი გახდა. ინას ლენინთან რომანი ახალგაზრდობაში ჰქონდა. წყვილი დაქორწინებასაც კი გეგმავდა, მაგრამ ოჯახს საქმრო არ მოეწონა და მათ არაფერი გამოუვიდათ.
ლენინას ოჯახში არ სურდათ, რომ მათი ქალიშვილი, ცნობილი ტერორისტის, ალექსანდრ ულიანოვის ძმის მეუღლე გამხდარიყო. ჰოდა, ნამდვილი ოჯახური დრამაც გათამაშდა, ვინაიდან ლენინის სატრფო „განსაკუთრებულ მდგომარეობაში“ იყო. ორსული ინა გაათხოვეს, ხოლო შეყვარებულ წართმეულმა ვლადიმერ ულიანოვმა თავისი საყვარელი ქალის გვარი ფსევდონიმად აიღო.
ფანი კაპლანი, რომელმა ბელადს ესროლა, ასევე, აცხადებდა, რომ მისი არაკანონიერი ქალიშვილი იყო. დაკითხვებზე ის დაჟინებით იმეორებდა, რომ ლენინს შურისძიების მიზნით ესროლა. ის ვერ ჰპატიობდა მამას, რომ მან ოდესღაც დედამისი შეარცხვინა. ვლადიმერ ლენინის მეორე ქალიშვილი – მარია ბოროვიკოვა – 1912 წელს პარიზში ერთ-ერთი კაბარეს მოცეკვავემ გააჩინა.
ისევე, როგორც ლენინის სხვა „შვილების“ ისტორიები, ბოროვიკოვას ბიოგრაფიაც მსუყე აღმოჩნდა. მისი სიტყვების თანახმად, ლენინმა ქალიშვილის შესახებ 1914 წელს გაიგო, როდესაც დედამისი, რევოლუციური ქმედებებისთვის, ციხეში მოხვდა. გოგონა ობოლ ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ის რუსეთში ჩამოიყვანეს და სმოლენსკელი ბოროვიკოვების ოჯახს გადასცეს.
ლენინის პარიზელ ქალიშვილს ბელადის მეუღლეს, ნადეჟდა კრუპსკაიას ლენინის სიკვდილამდე მალავდნენ. მხოლოდ ბელადის გარდაცვალების შემდეგ შეხვდნენ მას ბოროვიკოვები და გოგონას ისტორია უამბეს. კრუპსკაიამ მარია თავისთან წაიყვანა და გოგონა დედასაც კი ეძახდა მას. ლენინის დაბადების დღეს, 22 აპრილს ბოროვიკოვას მავზოლეუმთან ყვავილები მიჰქონდა, წარწერით – „ძვირფას მამას მაშასგან“.