ანდრია გვიდიანი: ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში დიდწილად განაპირობებს ეკონომიკის ფორმირებას და აქცენტების გაკეთება მის განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტი 2023 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიას განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის აღდგენა და მისი განვითარებაა.
პრემიერმინისტრის ინიციატივით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

რა მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისთვის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ პროექტებს და, ზოგადად, რა როლი აქვს ტურიზმს საქართველოს ეკონომიკაში – ამ საკითხებზე “კვირას” ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი ესაუბრა.

მისი შეფასებით, ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლები ქმნის შესაძლებლობას, რომ ტურიზმის განვითარებაზე მეტი აქცენტი გაკეთდეს.

ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმი არის ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორი ჩვენს ეკონომიკაში, შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა – იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, თუ ახალი ტურისტული ლოკაციების მოწყობა თუ კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, რა თქმა უნდა, არის ძალიან საინტერესო.
ხელისუფლება ყოველთვის ახორციელებდა ასეთი ტიპის ღონისძიებებს, მათ შორის, სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას, მაგალითისთვის – არტისტების ჩამოყვანა, რაც არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი.
ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლები იძლევა იმის საშუალებას, რომ ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ტურისტული ღონისძიებების ხელშეწყობაზე გაკეთდეს აქცენტი. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯებით ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ გაიზრდება ტურისტების შემოდინება. 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი თითქმის 90%-ზე მეტი არის. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიამდე პერიოდში რაც გვქონდა ტურიზმის მაჩვენებლები, იმის აღდგენა შევძლოთ და შემდგომ, უკვე განვავითაროთ დარგი. სწორედ აქედან გამომდინარე არის დაგეგმილი არაერთი ღონისძიება, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი სწორედ ტურიზმის განვითარების მიზნით. ეს ხელშეწყობა კი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – თქვა გვიდიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ტურიზმს, როგორც სექტორს, საქართველოს ეკონომიკის ფორმირებაში დიდი წვლილი აქვს.

ტურიზმში, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხი არის უცხოური ვალუტის შემოდინება, ამის ერთ-ერთი ძირითადი წყარო სწორედ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებია, რაც ასევე ლარის კურსზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მეორე მხრივ, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და მოქმედი ბიზნესების განვითარება, გაძლიერება და ხელშეწყობა. დაახლოებით 8.6% არის მთლიან ეკონომიკაში ტურიზმის წილი, შესაბამისად ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და როგორც სექტორს, ასე თუ შევხედავთ, ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდ წილად განაპირობებს ეკონომიკის ფორმირებას. შესაბამისად, აქცენტების გაკეთება ტურიზმის განვითარებასა და ქვეყანაში მეტი ტურისტის შემოსვლაზე ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები