პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მათ შორის არის ტურიზმის განვითარებაც. პრემიერის განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ასევე, იგეგმება ახალი ტურისტული ცენტრების გახსნა.
რა როლი აქვს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკაში – ამ და სხვა საკითხებზე “კვირას” ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ესაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებზე.
“თანამედროვე ტურიზმი არ არის მხოლოდ სასტუმრო, ის გაცილებით უფრო ფართო გაგებისაა. მით უმეტეს, თვითონ ტურიზმის სახეობებია მრავალფეროვანი, მათ შორის, ექსტრემალური ტურიზმი, არათუ რეკრეაციული ტურიზმი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი.
ამ სფეროში, ჩამოსულ ტურისტს რა პრობლემა შეიძლება დახვდეს – ეს არის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან წვდომა, საგზაო ინფრასტრუქტურასთან წვდომა, კომუნიკაციები და სხვა. გარდა ამისა, ტურისტული ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს გასართობ ცენტრებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ტურისტი ჩამოდის, მას არ უნდა ჰქონდეს არც გზის პრობლემა, არც შუქის პრობლემა, არც თუნდაც გართობის პრობლემა.
ამიტომ, სახელმწიფო მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე წლებია, ზრუნავს ამ მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე.
ზოგიერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა თუ ექსპერტს აქვს მოსაზრება რომ რატომ იხარჯება ტურიზმის განვითარებაზე თანხები და მიიჩნევენ, რომ ეს არ არის სახელმწიფოს ფუნქცია.
მაშინ, როდესაც სწორედ სახელმწიფოს ფუნქციაა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ინვესტორს მისცემს უფრო მეტ მოტივაციას რომ ჩადოს ინვესტიციები.
ძალიან ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო არის აქტიური მონაწილე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების. ამიტომ ის, რომ ტურისტული მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის დაგეგმილი გარკვეული ღონისძიებები, მისასალმებელია.
ჩვენ თუ ავიღებთ, რა ხვედრითი წილი აქვს ტურისტულ ინდუსტრიას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, საკმაოდ მაღალია. რადგან როდესაც ამბობ ტურიზმს, აქ იგულისხმება სასტუმროებიც, ტურისტული სააგენტოებიც, მკვებავი დარგები, რომელიც არის დაკავშირებული ტურისტულ ინდუსტრიასთან. ძალიან ბევრი მკვებავი დარგია, რომელიც არის დაკავშირებული ტურიზმთან, იგივე სოფლის მეურნეობასთან. ჩამოსული ტურისტი პირველ რიგში მოიხმარს საკვებს. თუ ყველაფერს გარედან შემოვიტანთ და იმპორტს გავზრდით, ის ფული რაც ტურიზმიდან შემოვა ქვეყანაში ისევ უკან წავა.
ანუ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ შემოსული ფული ისევ ქართულ პროდუქციაზე დაიხარჯოს და აქ დარჩეს. ამ კუთხითაა საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამბობს ცუცქირიძე.
2023 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიის განხილვას პარლამენტი დღესაც აგრძელებს. შევა თუ არა რაიმე ცვლილება და რა სახით დამტკიცდება ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.