ვახტანგ ჭარაია: მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია, რაც საზოგადოების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს

დღესდღეობით ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად მოსახლეობაზე ორიენტირებული პროგრამები, მათ შორის, ბიზნესზე ორიენტირებული პროგრამები, რომელიც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, რაც, საბოლოოდ, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. შესაბამისად, მისაღები და მისასალმებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია, – ასე აფასებს ეკონომისტი, ვახტანგ ჭარაია 2023 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიას, რომელსაც პარლამენტი ამ წუთებში განიხილავს.

“2023 წლის ბიუჯეტში, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული და, სავარაუდოდ, დიდ ცვლილებებს არ განიცდის, აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, ასევე, მცირდება საგარეო ვალი. ეს ყველაფერი მისასალმებელი და პოზიტიური ტენდენციაა. ეს გლობალური საკითხებიდან. ხოლო ყოველდღიურ, ყოფით კონტექსტში აღსანიშნავია დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ეს პროგრამები მისცემს საშუალებას, მათ შორის, დასაქმებულებსაც, აიმაღლონ კვალიფიკაცია, ასევე, სამუშაოს მაძიებლებსაც, რომლებსაც არ აქვთ ამა თუ იმ სფეროში კვალიფიკაცია, შეიძინონ საჭირო უნარები, გახდნენ სპეციალისტები და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამა.
ეს ადამიანები, ხშირად სწორედ იმის გამო, რომ სტატუსი არ დაეკარგათ, მუშაობაზე უარს ამბობდნენ, ახლა კი მათ სახელმწიფო სთავაზობს დასაქმების პარალელურად შეინარჩუნონ სოციალური დახმარებით გათვალისწინებული სარგოც. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ სოციალურად დაუცველები ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში და გამოიმუშაონ მეტი თანხა.

ამასთან, შეიქმნა ისეთი პროგრამები, რომლებიც სოციალურად დაუცველებს, აძლევს საშუალებას მათ შესაძლებლობებზე მორგებულ სამსახურში დასაქმდნენ, ეს ეხება არა მარტო საჯარო სექტორს არამედ ბიზნესსექტორსაც. ამრიგად, საკმაოდ კომპლექსურად არის პრობლემა დანახული. 2022 წელს დაახლოებით 30 ათასამდე სოციალურად დაუცველი დაასაქმა სახელმწიფომ და მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტის დასაქმება იგეგმება. ამიტომ, მისასალმებელია მსგავსი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ და ბიუჯეტში გათვალისწინება მსგავსი საჭიროებების.

დღესდღეობით ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად მოსახლეობაზე ორიენტირებული პროგრამები, მათ შორის, ბიზნესზე ორიენტირებული პროგრამები, რომელიც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. შესაბამისად, მისაღები და მისასალმებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია. თუმცა, აქვე ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ დროთა განმავლობაში, ყოველ მომდევნო წელს, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ბიუჯეტის სოციალური ტვირთი უფრო და უფრო მცირდებოდეს და იზრდებოდეს ისეთი ხარჯები, რომლებიც გრძელვადიან მიზნებს ემსახურება”, – აცხადებს ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები