ანდრია გვიდიანი: მომავალი წლის ბიუჯეტი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ პასუხობს
პარლამენტი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დაკორექტირებულ ვერსიას განიხილავს. 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტულია.
რამდენად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს 2023 წლის ბიუჯეტი და რა მნიშვნელობა აქვს მას საზოგადოების კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად, ამ და სხვა საკითხებზე “კვირას” ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი ესაუბრა.
მისი შეფასებით, 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პროექტის განხორციელება.
“მნიშვნელოვანი არის, რომ დაკორექტირებულ ვერსიაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები, მათ შორის, გაზრდილი არის ხარჯები. ვინაიდან ბიუჯეტი იქნება 25 მილიარდი ლარი, ძირითადად, ყველა გამოწვევას, რაც არის საზოგადოების წინაშე, დაბალანსებულად პასუხობს. ეს იქნება სოციალური მიმართულება, თავდაცვა თუ სხვა. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არის ყველა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა.ზოგადად, 2023 წლის ბიუჯეტის შეფასება შეიძლება პოზიტიურად. გარდა ხარჯებისა, მნიშვნელოვანი ფაქტორები არის გათვალისწინებული მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, შემცირებული არის ბიუჯეტის დეფიციტი. ამასთან, შემცირებულია საგარეო ვალი და ადეკვატურობის ფარგლებში დაბრუნდა პოსტპანდემიურ პირობებში, გარდა ვალისა და გარდა ბიუჯეტის დეფიციტისა, სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური განვითარებისთვის. შესაბამისად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრები არის წარმოდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტში. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ პასუხობს”, – ამბობს ექსპერტი.
კითხვაზე რამ განაპირობა ბიუჯეტის სოციალური დატვირთულობა და რამდენად აისახება ეს ეკონომიკურ განვითარებაზე, გვიდიანი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მთავარ აქცენტებს სოციალურ ხარჯებზე აკეთებს, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სოციალური დაცულობის გაძლიერება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.
სოციალური ხარჯების ზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სწორედ ეკონომიკურმა ზრდამ მისცა მთავრობას იმის შესაძლებლობა, რომ სოციალური ხარჯები წინ წამოეწია. იყო საუბარი სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაზე, იგივე დეკრეტული ანაზღაურების გაორმაგებაზე, ასევე, სხვა ბევრი საინტერესო ინიციატივა არის წარმოდგენილი, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობასაც ასეთი დახმარებები ესაჭიროება.
შესაბამისად, კიდევ განვმეორდები, რომ სოციალური ხარჯების ზრდა არის მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბოლო წლების მაგალითზე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას პრაქტიკულად ყოველ წელს ჰქონდა მთავარი აქცენტები სოციალური ხარჯების ზრდაზე და ზოგადად, სოციალური დაცულობის გაძლიერებაზე. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტიც არ არის გამონაკლისი და მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა სოციალური დაცულობა იყოს უფრო გაძლიერებული და უფრო მეტად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსგან პირდაპირ დახმარებას საჭიროებენ, შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რასაც ბიუჯეტის მოცულობა იძლევა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და საჭირო ინიციატივებია გათვალისწინებული ბიუჯეტში“, – აცხადებს გვიდიანი.