პაატა კვიჟინაძე: მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ბიუჯეტის მაჩვენებლების კანონით გათვალისწინებულ ნორმაში შენარჩუნება
„მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის მაჩვენებლები იყოს კანონით გათვალისწინებულ ნორმაში. ეს ასე რომ არ იყოს – გამოიწვევს ზეწოლას ინფლაციაზე, გამოიწვევს ვალების გაზრდას და შემდეგ ამ ვალების გასტუმრების პრობლემას. ასევე, ეს გამოიწვევს უნდობლობას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს მაჩვენებლები იყოს პრინციპულად შენარჩუნებული და მე მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს, მთავრობას, რომ, მიუხედავად ბევრი მცდელობისა – გაზრდილიყო ხარჯები, მაინც მოხდა ამ მონაცემების ნორმაში შენარჩუნება. საყურადღებო ფაქტია, რომ სავალუტო ფონდი ძალიან კმაყოფილი წავიდა, ვინაიდან ყველა ის ნორმა, რაც რამდენიმე წლის შემდეგ უნდა შესრულებულიყო, ფაქტობრივად, უკვე შესრულებულია”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.
მან თავის გამოსვლაში ყურადღება სამ ძირითად მაჩვენებელზე გაამახვილა, ესენია: ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი და ეკონომიკური ზრდა.
„ბიუჯეტის დეფიციტი პანდემიის დროს, 2020 წელს ყველა ქვეყანას გაეზარდა, რაც ძალიან ცუდი იყო, გაიზარდა იგი ჩვენთანაც და, სამწუხაროდ, 9%-ზე ავიდა. მაგრამ აღსანიშნავია, ისე მოხდა, რომ სამწლიან ვადაში კი არა, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული, უკვე წელს გავედით ამ მიმართულებით ნორმაში, ერთი წლით ადრე, რაც ვერ მოახერხა მსოფლიოს ბევრმა, მათ შორის, წამყვანმა ქვეყნებმა. ბიუჯეტის დეფიციტის ნორმაზე ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ აღარ აქვს ზეწოლა არც ლარს, არც ინფლაციას მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება მთავრობის ვალს, კიდევ ვიმეორებ, საქართველოს აქვს დაბალი მთავრობის ვალი და ჩვენ ყველაზე დაბალი ვალის მქონე ხუთ ევროპულ ქვეყანას შორის ვართ. საქართველოში ეკონომიკური ზრდაც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპისა და რეგიონის მასშტაბით. გავედით 2019 წლის მონაცემებზე ზევით, ასეთი ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად არავის აქვს”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება ხარჯებს, 2023 წელს პენსიების და ხელფასების მნიშვნელოვანი მატება მოხდება. „გასაგებია, რომ მეტის მომატება გვინდა პენსიების, მაგრამ 65 ლარი ცოტა არაა, 2008 წელს პენსია სულ 45 ლარი იყო, ჩვენ წელს 65 ლარით ვზრდით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკვე მოხდა პენსიების ინდექსაციაც. ახლა კი მთავრობა იმაზე მუშაობს, რომ საჯარო სექტორში ხელფასების ინდექსაციაც მოხდეს, ანუ მთავრობის და პარლამენტის ნებაზე კი არ იყოს საჯარო სექტორში ხელფასების მატება, არამედ – კანონზე, იყო ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა, ავტომატურად მოხდება ხელფასის მატება, რაც ძალიან კარგია”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.