ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა

მიმდინარე სასესიო კვირაში, სამშაბათიდან, 4 ოქტომბრიდან პარასკევის, 7 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე გაიმართება პლენარული სხდომები, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა.

ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭს ხვალ, 4 ოქტომბერს უყრიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე (გადამუშავებულ ვერსიაზე) იმსჯელებენ.
ოთხშაბათს, 5 ოქტომბერს დეპუტატები საარჩევნო კოდექსში და რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს საპარლამენტო ტრიბუნა მინისტრის საათის ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაეთმობა.
„გეგმაში გვქონდა ხუთშაბათს ყოფილიყო ომბუდსმენის წლიური ანგარიში და პარასკევს მინისტრის საათი, თუმცა მინისტრის თხოვნა იყო, ვინაიდან აზერბაიჯანიდან კოლეგა ჩამოდის, გვქონდა კომუნიკაცია ომბუდსმენთან და ხუთშაბათს იქნება მინისტრის საათი, ხოლო პარასკევს სახალხო დამცველის ანგარიშს მოვუსმენთ. სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით პლენარული სხდომები გაიმართება ყოველდღე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები