არჩილ თალაკვაძე: ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც რუსეთი ატარებს, საფრთხეს რომ უქმნის ადამიანებს, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთშიც, არის ნათელი

“რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც რუსეთი ატარებს, საფრთხეს რომ უქმნის ადამიანებს, მათ შორის, აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ კითხვას, ხომ არ უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოქალაქეების სამხედრო გაწვევა რუსეთის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს ყურადღებით დააკვირდება და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მისცემს.

“საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენს ხელისუფლებას სურს, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და თანამოქალაქეები, ჩვენი საზოგადოების წევრები, რომლებიც ხელოვნური ბარიერით არიან გაყოფილი ჩვენი საზოგადოებიდან, ცხოვრობდნენ დაცულად, ჰქონდეთ სოციალური ჯანდაცვის, განათლების ისეთი პირობები, როგორიც აქვს ნებისმიერ სხვას ჩვენს ქვეყანაში. რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საერთოდ, ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც რუსეთი ატარებს, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მათ შორის, აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი და ეს გადაწყვეტილებები რასაც ვხედავთ და სხვათა შორის, რამაც ბევრი უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზეთში, მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეებისთვის არის გაუგებარი თუ რას სთავაზობს საოკუპაციო რეჟიმი მათ და მათი მომავალი არის ბუნდოვანი და ძალიან საშიში მით უმეტეს, როცა ომის ფონზე გაწვევის პროცესი აქტიურდება, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ ყველაფერს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მივცემთ მიმდინარე მოვლენებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში, 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა გამოცხადდა. აღნიშნულია, რომ დადგენილება არ ეხება პირებს, რომლებიც რეზერვში იმყოფებიან, არამედ მათ, ვინც ექვემდებარება ჯარში გაწვევას. ამასთან, ე.წ. განკარგულების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები