საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო რეგულაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კვლევის ანგარიში მოისმინა თემაზე – „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი”.

სამუშაო შეხვედრაზე კვლევის შედეგებზე და ქვეყანაში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს განვითარების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და ძირითადი მიგნებები დეპუტატებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის ოფიცერმა გვანცა ნადირაძემ გააცნო.

„მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც არსებულ სამშენებლო სტანდარტებზე საუბრისას გამოიკვეთა იყო: უსაფრთხოების უგულებელყოფა სამშენებლო პროცესში, ზედამხედველობის ნაკლებობა, სხვადასხვა კოდების, წესების და სტანდარტების ერთმანეთთან შეუთავსებლობა, საკანონმდებლო კუთხით გაურკვევლობა, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში პროფესიონალების ნაკლებობა. მათ თანახმად ქვეყანაში განსხვავებული სამშენებლო სტანდარტები მოქმედებს, რომლებიც არ არის ერთმანეთთან თავსებადი”, – აღნიშნა გვანცა ნადირაძემ.

მომხსენებლის თქმით, კვლევა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა. გამოიკითხნენ დარგის ექსპერტები და შესაბამისად, ყველა მიგნება, რომელიც კვლევის ანგარიშში არის მოცემული, ეფუძნება გამოკითხული ექსპერტების მოსაზრებებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, კომიტეტი მზად არის, სხვადასხვა ფორმატში, იმსჯელოს სამშენებლო რეგულაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე.

„დარგს და სექტორს სჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენს კომიტეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სექტორთან მიმართებით კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდეთ და გამოწვევები რაც დგას სექტორში დავხვეწოთ”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობას (UK Aid) მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს წამომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები