სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელიც საზეიმო ვითარებაში გახსნა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ”.
კონგრესის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკის კვლევათა ინსტიტუტი საერთაშორისო პროექტის „მეცნიერება საზოგადოებისათვის“ ფარგლებში.
კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი და მესტიის მუნიციპალიტეტი.
კონგრესის თემაა „კავკასია – ინტერდისციპლინური კვლევები II – ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები“.
როგორც სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონგრესის მიზანია, გამოკვეთოს კავკასიის რეგიონის ენებისა და ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტი ისტორიულ ჭრილში ინტერდისციპლინური კვლევების შედეგების საფუძველზე; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.
კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კავკასიის მინორიტარულ ენათა სიცოცხლისუნარიანობისა და ენათა ფუნქციონირების საკითხებს; ასევე, კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის საკითხებს, გენეტიკური კვლევების შედეგებს და ამ კვლევათა მიმართებას არქეოლოგიურ და ლინგვისტურ კვლევებთან.
აგრეთვე, დაიბეჭდა კონგრესის მასალები, პროგრამა და სხვა პუბლიკაციები სამ ენაზე. კონგრესში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ სპეციალისტები სხვადასხვა საერთაშორისო კავკასიოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებიდან, კონგრესის პირველ დღეს ასევე ესწრებოდნენ სპეციალური სტუმრები.
კონგრესი ხვალაც გაგრძელდება!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები