მაია ფანჯიკიძე: კარლ ბილდტის განცხადება გარკვეული ზეწოლაა
კარლ ბილდტის განცხადება მთლად კორექტული არ არის, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მისი შვედი კოლეგის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ შეფასებას, რომ “საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით ევროპულ გზას სცდება“.
ფანჯიკიძის განცხადებით, “არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და არ შეიძლება მიმდინარე პროცესს მიანიჭო ესა თუ ის კვალიფიკაცია“.
მინისტრის თქმითვე, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.
“თუ, ერთი მხრივ, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლისკენაც ყველა მოგვიწოდებს და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მეორე მხრივ, არ შეიძლება მიმდინარე პროცესს მიანიჭო ესა თუ ის კვალიფიკაცია. ბატონი ბილდტი მიმდინარე პროცესს, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა და არავინ იცის, რა იქნება საბოლოო წერტილი, კვალიფიკაციას ანიჭებს, რომ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ეს, ჩემი აზრით, არ შეიძლება, რადგან ესეც გარკვეული ზეწოლაა, თუ გნებავთ, სასამართლოზე და მთელს პროცესზე”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მაია ფანჯიკიძემ.