რუსი ჯარისკაცების სამხედრო დანაშაული სათვალთვალო კამერებზე – მათ ორ მშვიდობიან მოქალაქეს ზურგში ესროლეს

როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა ლეონიდ პლიატსისა და მის უფროსს ზურგში ესროლეს, მკვლელობები სათვალთვალო კამერებმა კადრები მკაფიო და შემზარავი დეტალებით დააფიქსირეს. BBC-ის მიერ მოპოვებული ვიდეომასალა ახლა უკრაინულ პროკურატურაშია და მტკიცებულებას წარმოადგენს სავარაუდო ომის დანაშაულის საქმეში.
ეს მოხდა კიევის ირგვლივ საბრძოლო მოქმედებების დროს. დედაქალაქის მთავარი გზები ბრძოლის ველად იქცა, მათ შორის, ველოსიპედის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ლეონიდი დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.

ამ შემთხვევაში ორმხრივი სროლა არ ყოფილა: ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ ესვრიან მძიმედ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები ორ უიარაღო უკრაინელს, შემდეგ კი, ძარცვავენ მაღაზიას.

BBC-მ აღადგინა მოვლენების სრული თანმიმდევრობა მრავალი სათვალთვალო კამერის კადრების შეერთების გზით და იმ ადამიანების ჩვენებების დაყრდნობით, რომლებსაც ლეონიდმა იმ დღეს დაურეკა. ისევე, იმ უკრაინელი მოხალისე მებრძოლების მონათხრობის მიხედვით, რომლებიც მის გადარჩენას ცდილობდნენ.

 

რა მოხდა მკვლელობის დღეს

რუსი ჯარისკაცები მაღაზიამდე მიდიან მოპარული ფურგონით, რომელზეც რუსული ჯარების მიერ გამოყენებულია V ნიშანი და შავი საღებავით არის დაწერილი სიტყვები: „Танковый спецназ Rus“. ისინი რუსულ სამხედრო ფორმაში არიან გამოწყობილნი და ავტომატებით ჭიშკარს უახლოვდებიან… თითები – სასხლეტზე.

ლეონიდი ჯარისკაცებისკენ აწეული ხელებით მიდის და აჩვენებს, რომ უიარაღოა და საფრთხეს არ წარმოადგენს.

რუსი სამხედროები მას და მის უფროსს ჯერ ღობიდან ელაპარაკებიან. ვიდეოში ხმა არ ისმის, მაგრამ ყველა მამაკაცი მშვიდი ჩანს, ეწევიან კიდეც. შემდეგ უკრაინელები შემობრუნდებიან და ჯარისკაცები წასვლას იწყებენ.

უეცრად ორი რუსი ბრუნდება, იმუხლება და ორ კაცს ზურგში რამდენჯერმე ესვრის. უფროსი ადგილზე მოკლეს. ლეონიდი მალევე ახერხებს ფეხზე წამოდგომას. სისხლდენის შესაჩერებლად ბარძაყზე თასმასაც კი იჭერს, შემდეგ კი, დარაჯის ჯიხურში მიდის, სადაც დახმარების გამოძახებას ცდილობს.

ვასილი პოდლევსკი, რომელიც ასევე მუშაობს კომპანიის დაცვაში, ორჯერ ესაუბრა ტელეფონზე ლეონიდს, როცა ის სისხლიანი იყო და დახმარებას ელოდა. ლეონიდმა უთხრა, რომ ჯარისკაცებმა ჯერ დაარწმუნეს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არ კლავდნენ და შემდეგ ზურგში ესროლეს.

ვასილი იხსენებს მეგობართან საუბარს.

მე ვეკითხები: „ლეონიდ, როგორ ხარ?“  მან მითხრა, რომ მეორე დაცვის ჯიხურში იმყოფებოდა. ვკითხე, თუ შეეძლო ფეხის შეხვევა, მან კი მითხრა, რომ იქამდეც ძლივს მიღოღდა, ყველაფერი ძალიან სტკიოდა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ვუთხარი, რომ ყველაფერს გაუძლებდა და მხნედ ყოფილიყო. მე კი ტერიტორიულ თავდაცვაში დავიწყე რეკვა“.

ტერიტორიული დაცვის წარმომადგენლები, რომლებსაც ვასილი ურეკავდა, ომამდე კონდიციონერებს ყიდდნენ. ახლა ისინი მოხალისეები არიან.

როდესაც ლეონიდ პლიატსი დაიჭრა, მათ მუდმივად დაბომბის ქვეშ მყოფი E40 გზატკეცილის გადალახვა დაევალათ მის დასახმარებლად. ახლაც კი გზა გადამწვარი ტანკების ნამსხვრევებითაა სავსე, რაც ბრძოლის ინტენსივობას მოწმობს .

როდესაც პლიატსი იწვა და სისხლისაგან იცლებოდა, რუსი ჯარისკაცები კვლავ მაღაზიაში იყვნენ.

სათვალთვალო კამერის კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან საკეტებს სხვადასხვა ოთახებში, იპარავენ ველოსიპედებს და სკუტერებს, შედიან დირექტორის კაბინეტში, სვამენ მის ვისკის და ათვალიერებენ მის კაბინეტს.

საშა და კოლია მსუბუქად იყვნენ შეიარაღებულნი და რაოდენობით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ რუსებს, ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დალოდებოდნენ რუსი სამხედროების წასვლას, თუმცა მიხვდნენ, რომ ლეონიდი კვდებოდა.

„ტელეფონით ვესაუბრეთ, ვცადეთ დამშვიდება. ვუთხარით, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ გზაში ვიყავით, შეიძლება ეს დაეხმარა. შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ იქ მივედით, ის უკვე გარდაცვლილი იყო“, – აცხადებენ ისინი.

მაშინაც კი, როცა ლეონიდისა და მისი უფროსის ცხედრები გაჰქონდათ, იძულებული გახდნენ მიმალულიყვნენ, რადგან რუსული ტანკები იქვე დადიოდნენ.

„მამაჩენი სამხედრო არ ყოფილა“

იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, ბევრი მტკიცებულება არსებობს. BBC-მ დეტალურად შეისწავლა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს რუსი ჯარისკაცის სახე, რომელთაგან  ერთ-ერთი მკვლელია.

„მამაჩემი არ იყო სამხედრო. ის იყო პენსიონერი. 65 წლის კაცი. რისთვის?“ – კითხულობს ლეონიდის ქალიშვილი, იულია ანდროშჩუკი.

ახლა ის საზღვარგარეთ არის და ომის გამო მამის დასაფლავებაც კი ვერ შეძლო.

„სიბრაზეს არ ვგრძნობ. უბრალოდ, ღრმა გლოვა მაქვს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მეშინია მათი. ისინი ძალიან შეუგნებლები არიან… მეშინია მათი”, – ამბობს ის.

ჯულია იმედოვნებს, რომ დამნაშავეები ოდესმე სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ამასობაში, მას სურს, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რა დაემართა მამამისს, რათა მკვლელობები შეწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები