“უკრაინაში ფაშისტური ბოროტი სულების წინააღმდეგ სასიკვდილო ბრძოლა მიმდინარეობს” – ბიბილოვი
“დიდ სამამულო ომში მსოფლიოს არცერთ ქვეყანას, არცერთ მეომარ რესპუბლიკას არ განუცდია პროცენტულად იმაზე მეტი დანაკარგი, ვიდრე – სამხრეთ ოსეთს”, – განაცხადა ცხინვალში აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.
მან აღნიშნა, რომ დიდი სამამულო ომი ყველაზე მძიმე გამოცდა აღმოჩნდა, რაც კი საბჭოთა ხალხს დაატყდა თავს.
„გამარჯვების წმინდა დღესასწაულის აღნიშვნით, პატივს მივაგებთ საბჭოთა ჯარისკაცების გმირობას, რომლებმაც თავიანთი სიმამაცით, სიმტკიცითა და სამშობლოსადმი ერთგულებით ნაცისტური გერმანიის დედაქალაქისკენ გამარჯვებული გზა გაიკვლიეს“, – თქვა მან.
ბიბილოვმა ასევე აღნიშნა უკრაინაში “ფაშიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა”.
„დღეს უკრაინის მიწაზე ფაშისტური ბოროტი სულების წინააღმდეგ სასიკვდილო ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. დიდი სამამულო ომის გმირების შვილთაშვილებს უწევთ კაცობრიობისთვის ბრძოლა ნაციზმის შავი ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ხალხებს ანადგურებს და მათთვის სიკვდილი მოაქვს“, – განაცხადა ბიბილოვმა.