ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ვართ ერთიანი და ვაგებინებთ პასუხს კრემლს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა და ვლადიმირ პუტინისთვის ეკონომიკური ბარიერების შექმნაში ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს გვერდში უდგას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციებით რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ბაზრებზე წვდომა უწყდება.
„ბომბები ეცემა უდანაშაულო ადამიანებს. ბევრი იღუპება. ეს ხდება 2022 წელს ევროპის შუა გულში. პუტინმა ევროპაში ომი დააბრუნა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი სამშვიდობო წესრიგი. ჩვენ ვართ ერთიანი და ვაგებინებთ პასუხს კრემლს. ამის დასტურია სანქციების პაკეტი, რომელზეც შევთანხმდით. ამ შეზღუდვებს ექნება უდიდესი გავლენა რუსულ ეკონომიკაზე რუსულ პოლიტიკურ ელიტაზე. პირველია ფინანსური სექტორი. მეორე – ენერგოსექტორი, მესამე- სატრანსპორტო სექტორი, მეოთხე – ექსპორტის კონტროლი და ბოლოს ვიზების აკრძალვა. სანქციებით რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ბაზრებზე წვდომა უწყდება. სანქციების ქვეშაა რუსეთის თავდაცვის სექტორი. ეს სანქციები გაზრდის რუსეთის ვალს, ინფლაციას, გაიყინება რუსული ელიტის დეპოზიტები და ამიერიდან ევროპაში უსაფრთხოდ ფულის დამალვას ვერ შეძლებთ. შეზღუდვები შეუძლებელს გახდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოდერნიზაციას. ბიზნესის წარმომადგენლებს, დიპლომატებს ევროკავშირში შემოსასვლელად პრივილეგია აღარ ექნებათ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრით ახალი ეპოქა დაიწყო. რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით ევროპაში რუკების შეცვლას ცდილობს. ის აუცილებლად უნდა დამარცხდეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.