დიმიტრი ხუნდაძე: თუკი პროცესი სწორად წარიმართა, დაახლოებით, ერთ თვეში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე უნდა გამოჩნდეს შედარებით დაბალი ღირებულების მქონე მედიკამენტები
როდიდან ექნება საქართველოს მოსახლეობას საშუალება, შეიძინონ თურქეთიდან შემოსული მედიკამენტები და რა მექანიზმებით გაკონტროლდება ამ მედიმენტების ხარისხი – საკითხზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ ვრცლად ისაუბრა.
„ორი მნიშვნელოვანი საკითხია ძირითადი. ეს არის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, რომელიც გეოგრაფიულად ასე თუ ისე დარეგულირებულია, თუმცა, ფინანსური ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს რამეთუ მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯები არის საკმაოდ დიდი. ზოგადად სამედიცინო მომსახურებაზე ჯიბიდან დანახარჯები ძალიან დიდი, დაახლოებით, მილიარდ ნახევარი მოდის ჯიბიდან ასე ვთქვათ პროგრამულ ნაწილზე, სახელმწიფო რასაც უზრუნველყოფს იმას დამატებული თვითონ მოსახლეობის მიერ გაღებული ასანაზღაურებელი თანხა და აქედან 70% არის სწორედაც მედიკამენტებზე. ანუ დაახლოებით ეს შეადგენს მილიარდს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მძიმე ტვირთად აწვება განსაკუთრებით მოსახლეობის იმ სეგმენტს, რომელიც ყველაზე ხშირად მოიხმარს მედიკამენტებს. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხარისხი, რამეთუ ძირითადი პრინციპი უნდა იყოს შენარჩუნებული, ქვეყანაში მედიკამენტები იყოს მინიმუმ უსაფრთხო და ასევე ის იყოს ეფექტური და მაღალი ხარისხის და იყოს დაცული როგორც გეოგრაფიული, ისე ფინანსური ხელმისაწვდომობა. ფასთან დაკავშირებით, იცით რომ მნიშვნელოვანი იყო პრემიერის ინიციატივა თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. მოქმედების არეალი იზრდება, მაგრამ, მნიშვნელოვანია რომ დარეგულირდეს ხარისხი. ამასთან დაკავშირებით მოლოდინი არის ამდაგვარი – თუკი სწორად წარიმართა ეს პროცესი, დაახლოებით ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე უნდა გამოჩნდეს შედარებით დაბალი ღირებულების მქონე მედიკამენტები, ვიდრე დღეს აქვს”, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ხარისხის მიმართულებით კომიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო და დღეს ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს კარგი წარმოებისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დანერგვას.
„თუმცა, როგორც ვთქვით ხარისხი არის მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით დავიწყეთ ჩვენ მუშაობა. დღეს უკვე პარლამენტში ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე კარგი წარმოებისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დანერგვას, თუ როგორ უნდა დაიცვან როგორც მწარმოებლებმა, ასევე დისტრიბუტორებმა მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებულო და ამის ვალდებულება უნდა გაჩნდეს უკვე საკანონმდებლო დონეზე. თუმცა, თანაბრობის პრინციპის დაცვის კუთხითაც საჭიროა, რომ ეს ვალდებულებები ეხებოდეს იმპორტიორებსაც. ანუ ქვეყანაში მედიკამენტი იქნება ადგილობრივი თუ იმპორტირებული, ის უნდა ექვემდებარებოდეს კარგი წარმოების პრაქტიკას, რომ დაცული იყოს მთავარი პრინციპი – მედიკამენტი იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი, ასევე იყოს მაღალი ხარისხის. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არის რეფორმული მასშტაბის დონის საკანონმდებლო ბაზისი, რომ ის იყოს პარლამენტში წარდგენილი, რამეთუ არსებობს კიდევ სხვა რიგი პრობლემები, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ აისახება ხარისხზე და ფასზე. მაგალითად, ის, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს პოლიპრაგმაზიის პრობლემა, როცა სხვადასხვა მატერიალური სარგებლის გამო ზოგიერთი ექიმი ნიშნავს ჭარბად მედიკამენტებს და ამაში არის გარკვეული გარიგების ელემენტებიც. ეს უნდა იყოს რეგულირებადი და ამის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი არის ელექტრონული რეცეპტების შემოღება და ამაზე მუშაობა ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს და ჩვენ უკვე ორ დღეში გვაქვს შეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ მთლიანი შემადგენლობით კომიტეტის წევრები წარვადგენთ უკვე შემუშავებულ კანონპროექტს, მის პრეზენტაციას გავაკეთებთ და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გავივლით დეტალურად, რომ ის მომზადდეს უკვე პარლამენტში სასესიო განხილვისთვის“, – განაცხადა ხუნდაძემ.