აშშ-მა უკრაინაში დესტაბილიზაციასთან დაკავშირებულ 4 პირს სანქციები დაუწესა – საელჩოს განცხადება

მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად მზად ვართ, მძიმე ეკონომიკური საზღაური დავაწესოთ, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დამატებით არაპროვოცირებულ სამხედრო ქმედებებს განახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, აშშ-მა უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციასთან დაკავშირებულ 4 პირს სანქციები დაუწესა.

“უკრაინაში შემდგომი პოტენციური შეჭრის წინ რუსეთის დაზვერვის სამსახურები, ძირითადად ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB), რომელზეც ამერიკის მიერ სანქციებია დაკისრებული, იბირებენ საკვანძო თანამდებობაზე მყოფ უკრაინელებს, რათა წვდომა ჰქონდეთ საიდუმლო ინფორმაციაზე. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB) ამ ადამიანებს იყენებს უკრაინაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად. უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ ასეთი პირების დასადგენად, გამოსავლენად და საზღაურის დასაკისრებლად იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ზემოქმედების ამგვარ ოპერაციებს.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს ოთხ ადამიანზე, რომლებიც დაკავშირებული არიან გავლენის მოსაპოვებლად რუსეთის სპეციალური სამსახურების მიერ მართულ საქმიანობაზე, რომლის მიზანია უკრაინის დესტაბილიზაცია.
ასეთი ზომები მიმართულია უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობების გამოსავლენად და შესაჩერებლად. ეს არის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც განსხვავდება იმ ფართო სპექტრის ძლიერი ზემოქმედების ზომებისგან, რომელთა დასაწესებლად ემზადებიან ამერიკის შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები იმისათვის, რომ რუსულ ეკონომიკას და ფინანსურ სისტემას ძვირად დაუჯდეს, თუკი ისინი დამატებით შეიჭრებიან უკრაინაში.
ოთხი პირი, რომელსაც ჩვენ ვაკისრებთ სანქციებს, რომელთაგან ორი უკრაინის პარლამენტის წევრია, მოქმედებენ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მითითებებით და ხელს უწყობენ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ და სახიფათო ზემოქმედების ოპერაციებს, რაც ძირს უთხრის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ეს ოთხი პირი, რომლებსაც დღეს დაეკისრათ სანქციები, არიან ტარას კოზაკი, ოლეგ ვოლოშინი, ვოლოდიმირ ოლინიუკი და ვლადიმირ სივკოვიჩი.
ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ სხვა ზომებთან, რაც ჩვენ გავატარეთ რუსული დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ, მათ შორისაა არჩევნებში ჩარევის გამოვლენილი 32 შემთხვევა, რის შესახებაც 2021 წლის აპრილში გამოვაცხადეთ.
რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ ტაქტიკებს, რომელთა შორისაა დეზინფორმაცია და ზეგავლენის სხვა კამპანიები, რისი მიზანიც უკრაინაში წლების განმავლობაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა. 2020 წელს კრემლის ოფიციალურმა პირებმა აამოქმედეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ოპერაციის გეგმა, რომელიც შეიქმნა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარის დასაქვეითებლად. პირები, რომლებზეც დღეს დაწესდა სანქციები, საკვანძო როლს ასრულებდნენ ამ კამპანიაში.
რუსეთის ზეგავლენის კამპანიები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით. ათწლეულებია, რუსეთი იყენებს დეზინფორმაციის სხვადასხვა საშუალებას და სადაზვერვო სამსახურების ფილიალებს მსოფლიოს მასშტაბით და ავრცელებს ყალბ ამბებს საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. სულ მცირე 2016 წლიდან რუსეთის სპეციალური სამსახურები სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე. მაგალითად, ტარას კოზაკი იყენებდა მის მფლობელობაში არსებულ მედია პლატფორმებს ერთი მხრივ იმისათვის, რომ დაემცირებინათ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შიდა წრის წარმომადგენლები და მეორე მხრივ, გაევრცელებინათ ყალბი ამბები ამერიკის 2020 წლის არჩევნებზე.
ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გადადგამს ნაბიჯებს, რომელთა შორის იქნება ასეთი ზომებიც და, აგრეთვე, – ნაბიჯებს უკრაინის მთავრობასთან პარტნიორობით უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობის დასადგენად, გამოსავლენად და შესამცირებლად. ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე, გააგრძელებს რუსეთის გლობალური კამპანიის მავნე ზემოქმედების გამოვლენას და მასთან დაპირისპირებას როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები