ნანა კაკაბაძე – „მეუფე ნიკოლოზის ინიციტივა, სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს, შეუთავსებელია კანონთან, ყველანაირ სამართლიანობასთან“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებლის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივა – საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს, შეუთავსებელია კანონთან, ყველანაირ სამართლიანობასა და მორალურ კატეგორიებთან.

ამის შესახებ კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა. ნანა კაკაბაძე მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ბოლო პერიდოში გამოიკვეთა მეუფე ნიკოლოზის საკმაოდ საეჭვო და უცნაური წინადადება, როდესაც ის ხელისუფლებას სთავაზობს, სააკაშვილს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალოს და ეს მის ეპარქიაში მოიხადოს. აღნიშნული, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, იურიდიულ ნორმასა და კანონთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. ასეთი საკითხის განხილვა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატიმარს სასჯელის 2/3, ¾ აქვს უკვე მოხდილი, მუხლის მიხედვით, თუ რას ითვალისწინებს ის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, განხილულ იქნას როგორც ვადამდელი გათავისუფლება, ისე – შინაპატირმობა თუ სამაჯური.
სამწუხაროდ, მეუფეს, ეტყობა, ვინც ასეთ ინფორმაციას აწვდის, საქმის კურსში არ აყენებს, კანონმდებლობით თუ რისი მოთხოვნის უფლება აქვს და ამიტომაც, კანონის უცოდინრობის, თუ სხვა პრობლემების გამო, მან ეს საკითხი დააყენა. ერთია, რომ ეს კანონთან შეუთავსებელია, მეორეა ის, რომ შეუთავსებელია ყველანაირ სამართლიანობასთან, მორალურ კატეგორიებთან. მეუფე ნიკოლოზმა გაცილებით უკეთ იცის, ვიდრე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში, რა მდგომარეობაში იყვნენ პატიმრები, რა მოჰყვა მის რეჟიმს. სამწუხაროდ, არცერთ ასეთ პატიმართან მას არ ჰქონია არც ასეთი კომუნიკაცია და გულშემატკივრობა, სააკაშვილს რეჟიმის რომელიმე მსხვერპლის მიმართ ასეთი დაინტერესება არ ჰქონია. ეს თავის თავად მეტყველებს იმაზე, რომ აქ რაღაც სხვაგვარი მომენტები არსებობს – ამას შეიძლება, ინტერესიც დავარქვათ, შეიძლება, რაღაცის შიშიც დავარქვათ. როცა ვიცით, რომ ამ 9-წლიან პერიოდში იყო მუდმივი თვალთვალი, მიყურადება, ჩაწერა და ა.შ. ჩვენ არ ვიცით არანაირი არგუმენტი, თუ რატომ გააკეთა მეუფემ ასეთი განცხადება.
ფაქტი ფაქტად რჩება: მან ასეთი განცხადება გააჟღერა. ჩემი აზრით, ეს საპატრიაქოსა და მის პოზიციასთან აბსოლუტურად შეუთანხმებელი იყო, რადგან მსგავსი პოზიცია საპატრიარქოს მხრიდან გაჟღერებული არ ყოფილა“, – განაცხადა კაკაბაძემ.

მან სახალხო დამცველის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი განცხადებები არაადეკვატურობის და მიკერძოებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ამ პატიმრით ომბუდსმენის განსაკუთრებული დაინტერესება – მაშინ, როცა ციხეებში 10 000-მდე პატიმარია, აქედან სულ მცირე ორ მესამედს მაინც სხვადასხვა პრობლემა აქვს და ომბუდსმენის ჩართულობას საჭიროებს, თუმცა, ვხდავთ, რომ ის მხოლოდ ერთ პატიმარზეა კონცენტრირებული და ხშირად მისი განცხადებები, ერთი მხრივ, არაადეკვატურობის, მეორე მხრივ, ძალიან მიკერძოებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის ძალიან შორსაა იმ ნეიტრალური და უფლებადაცვითი პოზიციებიდან, რომელშიც ომბუდსმენი უნდა იყოს.
ეს რეალობაა და მოგვიწევს ამასთან შეგუება, სანამ მისი მოღვაწეობის ვადა არ დაუმთავრდება, ვინაიდან კანონმდებლობა, ასეთი უხეში დარღვევების შემთხვევაშიც კი, ომბუდსმენის იმპიჩმენტს არ ითვალისწინებს“, – განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს არ ანებებს ისეთ მოწოდებებს, რომელიც არეულობისკენაა მიმართული.

„მისი პატიმრობით ასე გულმხურვალედ არიან დაინტერესებულები მისი დამცველები, ეს იქნება სახალხო დამცველი, ეპისკოპოსი, სასულიერო პირი თუ საზოგადოების თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელიც მის გათავისუფლებას ლობირებს. ჩვენ ვხედავთ განვითარებულ მოვლენებს ციხიდან. როდესაც, ერთი მხრივ, მისი ექიმები და პარტიის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები და საჭიროებს ფსიქიატრისა და ფისქოლოგის სამედიცინო ჩარევას, დახმარებას. მეორე მხრივ, მას – როგორც პოლიტიკურ ლიდერსა და პარტიის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოაჩენენ. ეს ადამიანი სხვადასხვა არაადეკვატური წინადადებითა და მოწოდებით გამოდის, მათ შორის, თავს არ ანებებს იმ მოწოდებებს, რომლებიც გამოხატულია სახელმწიფო გადატრიალებებში, რომელიც მიმართულია არეულობისკენ. სააკაშვილმა ხელახალ არჩევნებსა და დესტაბილიზაციაზე საუბარი დაიწყო, მუდმივად არის ეს დექტრუქციული მომენტი, მოწოდებები. ის შეიძლება, ძალიან მცირე ჯგუფის, მაგრამ მაინც გარკვეული საზოგადოების ყურადღებას იპყრობს და არაა გამორიცხული, რომ ასეთმა მოწოდებებმა არასასიამოვნო, სახელმწიფოსთვის არასასურველი პროცესები განავითაროს. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლება, არც მისი პოლიტიკური უფლებები. იცით, რომ ის არაა საქართველოს მოქალაქე, მას საერთოდ არ აქვს უფლება, საქართველოს პოლიტიკაში ჩაერიოს, არამცთუ იქიდან არეულობისკენ, დესტაბილიზაციისკენ ღია მოწოდებები აკეთოს.

სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ მის მიმართ რატომღაც კანონიც არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. შესაბამისი სტრუქტურები არ იღებენ კანონით გათვალისწინებულ იმ ზომებს, რომელიც ასეთ შემთხვევებში ნებისმიერი კანონდაუმორჩილებელი პირის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს.

„მე, პირველ ყოვლისა, ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ, ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან, ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები