ირმა გელანტია – იაგო ხვიჩიას: დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად, ვერასდროს გაიგებთ, რა შეგრძნებაა ღამით, განგაშის შემზარავი ხმის ფონზე, ლაღი ბავშვობის დასრულება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ირმა გელანტია, სოციალურ ქსელში, პარლამენტის წევრ იაგო ხვიჩიას პასუხობს.

პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გუშინ, დევნილების პრობლემებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც 30 წელია – თბილისში ცხოვრობს, რაღაცის გამო დახმარებას ითხოვს, არასამართლიანია.

ირმა გელანტიას სტატუსს ‘’კვირა ‘’ უცვლელად გთავზობთ:

‘’ბატონო პარლამენტარო Iago Khvichia მინდა, იცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია, ვცხოვრობ თბილისში, ვერასდროს გავხდები თბილისელი! დიახ, მეც დევნილი ვარ აფხაზეთიდან
იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი ერთადერთი იარაღია დასაბრუნებლად!რა თქმა უნდა, თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რა შეგრძნებაა ღამის ორ საათზე, განგაშის შემზარავი ხმის ფონზე, ლაღი ბავშვობის დასრულება…
უთბილესი მშობლიური სახლის მიტოვება…
სახლიდან წამოღებული ერთადერთი ნივთი, წიგნებით გატენილი სკოლის ჩანთაა, დიახ, ეს სკოლის ჩანთა 30 წელია, ელოდება შინ დაბრუნებას….
დიახ, მეც გამოსახლებული ვარ დევნილთა საცხოვრისიდან 2011 წლის, გაყინულ დეკემბრის დღეებში …
მეც, გავატარე უმძიმესი წლები საერთო საცხოვრებელში, დაუსრულებელი ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში… მეც ვიცხოვრე ათობით სრულიად უცხო ადამიანის სახლში….
და, მიუხედავად ყველაფრისა, 22 წელია, კეთლსინდისიერად ვემსახურები ჩემს ქვეყანას…
დაუღალავად ვშრომობთ, რომ იპოთეკით ნაყიდ 56 კვადრატში 6-სულიანმა ოჯახმა ვიცხოვროთ… რადგან ყველაზე მოტივირებული, უზომოდ მშრომელი აფხაზეთელები პატიოსნად ელოდებიან საკუთარ რიგს, რეალურად ღირსეულ განსახლებას და რაც მთავარია შინ დაბრუნებას!!!
და ბოლოს…
ზუსტად ვიცი, რომ არცერთი თანამდებობა… არცერთი სკამი არ ღირს არაკაცობად! კორუფციად! თაღლითობად! მოტყუებად! სხვის დამცირებად!! ძვირადღირებულ ავტომობილად! ძვირადღირებულ საცხოვრისად დეკლარაციაში!
ძალაუფლება მხოლოდ ინსტრუმენტია, რომ მეტი კარგი გადაწყვეტილება მივიღოთ ადამიანებისთვის!!!
ყოველდღე, მოვუწოდებ ჩემს გონებას… არასდროს, არასდროს წამიშალოს კადრები ჩემი ქალაქიდან……
პატივისცემით, აფხაზეთიდან დევნილი ირმა გელანტია-ახვლედიანი
ჯერ კიდევ თბილისში.. ‘’, – წერს ირმა გელანტია ‘’ფეისბუქის’’ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები