გიორგი გაბუნია: აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებენ, ეუბნებიან, „ვიზიარებ“ და „გისამძიმრებ“ – ასეთი მსგავსი რამ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში არასდროს ყოფილა

ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ მომენტში მთელი ქვეყანა არის გზაში. მანქანების კოლონები ყველა კუთხიდანაა დაძრული. მოდიან, არ ჩერდება ადამიანთა ნაკადები, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატრიარქის პანაშვიდზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებენ პატრიარქის გარდაცვალებას.

„მართლაც საოცარი რამ ხდება, მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა და ტკივილისა, რომ ჩვენი საყვარელი უწმინდესი, ჩვენი მწყემსმთავარი დავკარგეთ, დაკარგა ჩვენმა ერმა, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება თბილისში, რა ხდება სამების ტაძარში. ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ მომენტში მთელი ქვეყანა არის გზაში. მანქანების კოლონები ყველა კუთხიდან დაძრულია. მოდიან, არ ჩერდება ადამიანთა ნაკადები. თან სამების ამხელა ტაძარი, ამხელა სივრცეა და ადამიანები ორ ნაკადად მოდიან. ორი დღეა იქ ვარ და ვხედავ, რა ხდება. რამხელა კულტურა აჩვენა ერმა! თუნდაც, გადასვენების დროს რა ხდებოდა.

მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებენ, ესალმებიან და ეუბნებიან, რომ „ვიზიარებ“ და „გისამძიმრებ“. ასეთი მსგავსი რამ, ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში არასდროს ყოფილა.

გარდა ამისა, ადამიანები საათობით დგანან რიგში. ყველას ტელეფონი გამორთული აქვს, სრული მდუმარება, წესრიგი, სრული თმენა ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი ჩვენი უწმინდესის, ჩვენი უძვირფასესი ადამიანის მრავალწლიანი, ათწლეულების განმავლობაში როგორც ის იღწვოდა და ცხოვრობდა, მაგალითს აძლევდა თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, იგი 20 წელია სამების გუნდის წევრია და მას უწმინდესის მდგომარეობის გართულებამდე ძალიან ხშირად ჰქონდა შესაძლებლობა, პატრიარქთან ურთიერთობის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები