გოგა ხაინდრავა: დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ – ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა სიყვარული დატოვა
ჩვენ თვალს ვადევნებთ სასწაულს, – ასე აფასებს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეების უწყვეტ ნაკადს.
როგორც ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, პატრიარქი იყო ღვთის კაცი.
„არ ვიცი ამის პრეცედენტი თუ არის მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბაირამი გადადეს, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალაო, არ ზეიმობენ ყველაზე დიდ დღესასწაულს, ეს იგივეა, რომ ქრისტიანებმა აღდგომის ზეიმზე უარი თქვან. წარმოიდგინეთ რა სიყვარული დატოვა. რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ სამების საკათედრო ტაძარში, მთელი ცხოვრება ამას ემსახურებოდა.
დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ. ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს ამ საზოგადოებაში, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა დატოვა სიყვარული.
ვინც ახლა იქ დგას [სამების ტაძარში], რომ უთხრა შედი და პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენე ან თავს მოგაჭრით, დარწმუნებული ვარ ყველა წავა და თავს დადებს“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.