ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე, სააპელაციო სასამართლოს გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრებს

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარე, სააპელაციო სასამართლოს გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოშიც იდავებს.

შესაბამისი განცხადება ჯაფარიძემ იურიდიული წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ყველა სპეციალისტის აზრია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-მუხლის მეცხრე პუნქტს.

“ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების, პროფესიონალების ასეთი ერთსულოვნება იმაში, რომ ასეთი პრეცედენტების დაშვება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიმართ არანაირი სანქცია, შეზღუდვა არ არსებობს. თავისთავად ის, რომ მოსამართლემ თითქოს ჩვენ ხანდაზმულ დანაშაულში გაგვამტყუნა, რომელზეც მსჯელობაც კი არ ყოფილა და რომლის გამოძიება არ ჩატარებულა, ეს მათ მხოლოდ იმის გამო გააკეთეს, რომ ეთქვათ, რომ სასამართლომ გაგვამტყუნა. ეს დაუშვებელი პრეცედენტია და ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ის სრულად გაქარწყლდეს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირდა და მოსამართლემ ჯგუფურად თაღლითობაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები