ბრეივიკი ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს – ხვალ სასამართლო პროცესი გაიმართება

ნორვეგიელი ტერორისტი, ანდერს ბრეივიკი, პატიმრობის 10 წლის თავზე, 18 იანვარს სასამართლოს წინაშე წარდგება. ბრეივიკი მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს და ვადაზე გათავისუფლების პრეტენზია აქვს.

ანდერს ბრეივიკს 2011 წელს ოსლოში მასობრივი მკვლელობისთვის 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამის შესახებ АР წერს.

აღინიშნება, რომ პროცესზე მოსმენა სამი დღის განმავლობაში გაიმართება, თუმცა, ვერდიქტი რამდენიმე კვირაში გამოცხადდება.

2011 წელს ბრეივიკმა ოსლოში პრემიერმინისტრის ოფისთან დანაღმული მანქანა ააფეთქა, რის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამის მერე, ის კუნძულ უტოიაზე გაემგზავრა, სადაც ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი ჩაცხრილა. ბანაკში ორი ქართველი გოგონაც იმყოფებოდა. ერთ-ერთი, ნათია ჩხეტიანი ტერაქტს გადაურჩა, თამთა ლიპარტელიანი კი რამდენიმე დღეში მოკლულთა შორის იპოვეს.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, ულტრამემარჯვენე ტერორისტს არ გამოუჩენია სინანული დანაშაულის ჩადენის გამო, მსხვერპლთა ოჯახები შიშობენ, რომ ის საჯაროდ დაიცავს თავის ექსტრემალურ შეხედულებებს მოსმენების დროს.

2012 წელს, მისი სასამართლო პროცესის დროს ბრეივიკი ყოველდღიურად შედიოდა სასამართლო დარბაზში და ხალხს შეკრული მუშტით ესალმებოდა, მსხვერპლთა მშობლებს კი ეუბნებოდა, რომ მას სურდა მეტი ადამიანის მოკვლა.

ბრეივიკი ციხიდან ცდილობდა ფაშისტური პარტიის შექმნას და უკავშირდებოდა ელექტრონული ფოსტით მემარჯვენე ექსტრემისტებს ევროპასა და აშშ-ში. ციხის ხელმძღვანელობამ ამ წერილების უმეტესობა ამოიღო იმის შიშით, რომ ბრეივიკი სხვებს შთააგონებდა ძალადობრივი თავდასხმების განხორციელებისკენ.

2016 წელს მან მთავრობას უჩივლა და განაცხადა, რომ მისი იზოლაცია სხვა პატიმრებისგან, ხშირი ჩხრეკა და ის ფაქტი, რომ პატიმრობის პირველ ეტაპზე ხშირად ადებდნენ ხელბორკილებს, არღვევდა მის ადამიანურ უფლებებს.

ბრეივიკმა საქმე მოიგო, მაგრამ 2017 წელს გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლოებმა გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები