საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი 10 ათასი ევროთი დაჯარიმდა

პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ, რასობრივი სიძულვილის გაღვივების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ერიკ ზემური 10 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

ზემური 2020 წლის ნოემბერში ტელეკომპანია CNews-ის ეთერში დისკუსიის დროს გამონათქვამის გამო დაჯარიმდა. კერძოდ, იზოლირებულ არასრულწლოვან მიგრანტებზე საუბრისას ზემურმა თქვა: „მათ აქ არაფერი ესაქმებათ, ქურდები არიან, მკვლელები, მოძალადეები. უკან უნდა დაბრუნდნენ, არც უნდა ჩამოვიდნენ“.

სასამართლო პროცესი ნოემბერში გაიმართა, პროკურატურა ჯარიმის სახით 10 ათასი ევროს გადახდას ითხოვდა. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

გარდა ამისა, ჯარიმის სახით 3 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა CNews-ის გადაცემის წამყვანს.

ზემურის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე ანტირასისტულმა ასოციაციამ, ასევე, ოცამდე უწყებრივმა საბჭომ წამოიწყო – დეპარტამენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უპატრონო არასრულწლოვან მიგრანტთა სოციალურ დახმარებაზე.

ერიკ ზემური, რომელმაც თავი საპრეზიდენტო კანდიდატად 2021 წლის ნოემბერში გამოაცხადა, 17 ნოემბრის პროცესზე არ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები