გორში, ქარელში, სიღნაღსა და ბორჯომში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ

პრობაციის რეგიონული ბიუროების ხელშეწყობით, გორში, ქარელში, სიღნაღსა და ბორჯომში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ. მათ შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. სააგენტოს ინფორმაციით, თ. გ. აღრიცხვაზე გორის პრობაციის ოფისში იმყოფება. პირობით მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში გაირკვა, რომ მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მოხუცი მშობლების პენსია იყო. ინდივიდუალური გასაუბრების დროს თ.გ–მ დასაქმების სურვილი გამოთქვა. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, ის კერძო ფერმერულ მეურნეობაში საქონლის მომვლელად დასაქმდა. მსჯავრდებული, 300–ლარიანი ხელფასის გარდა, უზრუნველყოფილია საკვებით და საცხოვრებლით.
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დახმარებით ასევე დასაქმდა ქარელში მცხოვრები პრობაციონერი გ. ლ. იგი შპს ”საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში”, ტაშისკარი-სალთვისის ფილიალში იმუშავებს და ყოველთვიურად 400 ლარს მიიღებს. კახეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, კარდენახი-ბაკურციხის გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში ჩაება სიღნაღის პრობაციის ოფისში აღიცხვაზე მყოფი გ. წ. იგი ყოველდღიურად 20 ლარს გამოიმუშავებს. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო დაეხმარა სამსახურის მოძიებაში პრობაციონერ ვ. ჩ-ს. იგი შპს „რემმშენში“ დასაქმდა და ხელფასის სახით 250 ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, 2014 წელს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 78 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები