“მკურნალობის მეორე კურსიც დაგვიფინანსეს” – ჯარისკაცის მეუღლე თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის
სოციალურ ქსელში – „ფეისბუქი“ სამხედრო მოსამსახურის, ალექსანდრე ბერიშვილის მეუღლე, ქეთევან ბერიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის გამოჩენილი ყურადღებისთვის და წერს, რომ სამინისტრო მათ ძალიან დაეხმარა.
„მადლობა თავდაცვის სამინისტროს! მკურნალობის პირველი კურსი დაგვიფინანსეს და ველოდებით მეორე კურსის დაფინანსებას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს და პირადად თავდაცვის მინისტრს, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს“, – წერს ჯარისკაცის მეუღლე.
ცნობისთვის, ქეთევან ბერიშვილმა დღეს ასევე სოციალური ქსელით, ღია წერილით თავდაცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის მიმართა.
„მიმდინარე წლის ივნისში, სასროლეთიდან დაბრუნებული, სადაც ალექსანდრე ბერიშვილი მორიგ სამხედრო სწავლებას გადიოდა, შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც დაუდგინდა ინსულტი. ჩემმა მეუღლემ დაკარგა მოძრაობისა და მეტყველების უნარი, მუდმივად საჭიროებს მომვლელს. იძულებული გავხდი, სამსახური მიმეტოვებინა და მისთვის მომევლო. ამ ეტაპზე, მას დანიშნული აქვს სარეაბილიტაციო კურსი, რაც 16 ათასი ლარი ღირს. მკურნალობის პირველი კურსი თავდაცვის სამინისტრომ დაგვიფინანსა და უკეთესობაც დაეტყო, მაგრამ მეორე კურსის ჩატარებას წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გვთავაზობენ, თუმცა, მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას იგი შეძლებს „ნიუ ჰოსპიტალში“. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის სრული კურსის ღირებულებაა 16 910 ლარი“, – აღნიშნავს სამხედროს მეუღლე.
როგორც ქეთევან ბერიშვილი წერს, ღია წერილს უწყების მყისიერი რეაგირება მოჰყვა, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეს მკურნალობის მეორე კურსიც დაუფინანსა.