რატი იონათამიშვილი: ხელში ჩაგვივარდა „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ „მთავარმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ უნდა გაავრცელონ რაც შეიძლება მეტი „ფეიკი“
“ხელში ჩაგვივარდა „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო პიარსტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტი, სადაც წერია, რომ „მთავარმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ უნდა გაავრცელონ რაც შეიძლება მეტი „ფეიკი“ (მითითებულია კონკრეტული მიმართულებები და „ქეისები“, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ), მათ შორის, არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე უნდა გაავრცელონ ინფორმაცია, რომ თითქოს ,,ქართულ ოცნებას” გეგმა დაუწერა ებრაელმა კონსულტანტმა მოშე კლუგჰაფტმა. დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ გამოგონილ გეგმაში ,,რასაც გინდა, იმას ჩაწერ”, – ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი წერს.
მისივე თქმით, გეგმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, უნდა მოერგოს „ოცნების“ ლიდერების წინა ინტერვიუებს, რითაც დარჩება განცდა, რომ ის ნამდვილია.
„ნაცმოძრაობის“ სტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტში ასევე წერია, რომ ,,მოშეს გეგმა” პირდაპირ ეთერში უნდა განიხილოს მინიმუმ სამმა-ოთხმა ისეთმა ჟურნალისტმა, რომლებსაც „შეუძლიათ, მთელი სერიოზულობითა და ემოციებით განიხილონ ეს გეგმა. შეუძლიათ გაბრაზდნენ, იცინონ და ა.შ. თავისივე გამოგონილ დოკუმენტზე“. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ „მოშეს გეგმის“ გასაჯაროების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, წაეხმარონ მათ მოკავშირე გიორგი გახარიას, რადგან სხვანაირად „ქართული ოცნების“ ხმების დაკლების და დაზიანების თეორიული შანსებიც კი ნულის ტოლია. უტყუარი მტკიცებულება: როგორც გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში ვიხილეთ, ჟურნალისტები ერთი-ერთში საუბრობდნენ „ნაცმოძრაობის“ პიარსტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტში აღწერილი გეგმის მიხედვით.
P. S. ცრუნიუსების იმედად დარჩენილ ბაბლს – ფეიკნიუსების ნომინაციაში, ერთდროულად, 10 ოსკარი ჩვენგან, მაგრამ ხომ მშვიდობა გაქვთ?“, – წერს რატი იონათამიშვილი.