სოსო არჩვაძე: საქართველოს პრეცედენტი მოწმობს ხელისუფლების მმართველობის ეფექტიანობასა და სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე

“მსოფლიოს ერთერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის – მსოფლიო ბანკის მიერ მსოფლიოს ქვეყნები ყოველწლიურად ფასდებიან ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი“, „ხელისუფლების ეფექტურობა“, „კანონის უზენაესობა“ „რეგულაციების ხარისხი“ და ა.შ. ეს შეფასებები ეფუძნება ათეულობით მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზასა და რეიტინგებს.

“გლობალური მმართველობის ინდიკატორებით“ საქართველომ ბოლო წლებში წინ წაიწია და ამჟამად 45-ე ადგილზე იმყოფება მსოფლიოს 189 ქვეყანათა შორის (2012 წ. – 62-ე ადგილი). ამასთან, ზემოხსენებული პარამეტრების მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიცია ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით, თვალსაჩინოა წინსვლა „საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების“ კომპონენტში, სადაც იგი უკვე მე-12 ადგილზეა,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ.

თავის ფეისბუქ-გვერდზე ექსპერტი გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის კვლევას, რომელშიც მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები კვლევის შემადგენელი ინდიკატორებით.

იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, კვლევის მიხედვით, საქართველოში კორუფციისაგან თავისუფლების ინდექსი 75%-ია, რაც 2002 წ. მაჩვენებელს 69.4 პუნქტით, ხოლო 2012 წ. მაჩვენებელს – 6.3 პუნქტით აღემატება (2002 წ. – 5.6%, 2012 წ. – 68.7%, 2020 წ. – 74.0%). აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო 1.5-ჯერ უსწრებს ესპანეთის, იტალიის, პორტუგალის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტის, ისრაელის, კვიპროსის, სამხრეთ კორეისა და 2-ჯერ – ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის და თურქეთის შესაბამის მაჩვენებლებს. ამასთან, საქართველო პოზიციით გაუთანაბრდა მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორებიცაა, აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ.
„მიუხედავად იმისა, რომ, მსოფლიოს პრაქტიკით, როგორც წესი, კორუფციის დონე უარყოფით კორელაციაშია ეკონომიკური განვითარების დონესთან, საქართველოს პრეცენდენტი მოწმობს როგორც ხელისუფლების მმართველობის ეფექტიანობასა და სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე, ისე, ქვეყნის მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საგადასახადო კულტურის მუდმივად მზარდ დონეზე,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები