ნათია თურნავა: მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ
“მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ, იმიტომ რომ მართლაც სამწუხარო შემთხვევაა, ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ ცოცხალს ვიპოვიდით”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თბილისში ავსტრალიელი შანაე ბრუკის გარდაცვალებას.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქმეზე გამოძიება შედეგიანი იქნება.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ, იმიტომ რომ მართლაც სამწუხარო შემთხვევაა, ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ ცოცხალს ვიპოვიდით. ვიცი, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში, შემდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება ყველა წესის დაცვით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება შედეგს დადებს. დაგეთანხმებით, რომ მსგავსი თუნდაც ერთეული შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ დარტყმას გვაყენებს, იმიტომ რომ გვინდა ვიყოთ იდეალურები. თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს. გაცილებით უფრო განვითარებულ, ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ხდება კრიმინალური შემთხვევები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს საფრთხე, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროა, ძალიან არასასიამოვნოა, თუმცა ხედავთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, კოვიდპანდემიისა და ცვალებადი ვითარების მიუხედავად, კვლავ მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს“, – აღნიშნა თურნავამ.
შანაე ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.