პროექტის “ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში, გორის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კულტურული ღონისძიებები ჩატარდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ლიტერატურული, სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება.

როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, ღონისძიებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნება.

აქტივობებს დღეს, 18:00 საათზე სოფელ ტირძნისის სკოლის ეზო, ხვალ, 31 ივლისს, 18:00 საათზე – სოფელ ტყვიავის მთავარი სკვერი და 8 აგვისტოს, 18:00 საათზე – კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე მთავარი სკვერი უმასპინძლებს.

ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი მსახიობების მონაწილეობით; საჯარო ლექცია – „ანექსია-ოკუპაცია – 9 აპრილი – მწერლობის რეფლექსია ისტორიაზე“; ლიტერატურული ინტერმედია „25 თებერვალი – 9 აპრილი“ – მსახიობების ჩართულობით და შეხვედრა მწერალთან – თანამედროვე ავტორები ოკუპაციის შესახებ.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებები რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.

„პროექტის მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ანტისაოკუპაციო თემატიკაზე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თემატიკაზე მორგებული სახელოვნებო და ლიტერატურულ და შემეცნებით აქტივობებზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

პროექტის პარტნიორია გორის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები