პრემია “ლიტერას” ჟიური მწერალმა და კრიტიკოსმა ლელა კოდალაშვილმაც დატოვა

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიური კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. მწერალმა და კრიტიკოსმა ლელა კოდალაშვილმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც კოდალაშვილი წერს, ახლა როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს.

მისივე შეფასებით, არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ აქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი თეა წულუკიანის საკუთრება არაა.

“მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, მეც ვტოვებ ,,ლიტერას” ჟიურის. თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით. მთელი სტრატეგია დავსახე, სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა… ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ. თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად.. p.s. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო კონკურსის მონაწილე იმ მწერლებს, რომლებსაც ჩემი ჟიურის წევრად ყოფნა იმედს აძლევდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ლიტერატურის სასარგებლოდ. და მადლობა მინდა ვუთხრა მწერალთა სახლს – ნატას და ლელას, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ნდობა გამომიცხადეს, რომლის გამართლება სამწუხაროდ არ დამცალდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩვენი გავა და კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ”, – წერს კოდალაშვილი.

მანამდე, „ლიტერას“ ჟიურის დატოვების შესახებ მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა განაცხადა. ასევე კონკურსიდან პროტესტის ნიშნად წიგნები მოხსნეს მწერლებმა.

ცნობისთვის, „მწერალთა სახლის“ ინფორმაციით, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ კონკურსში 5- წევრიანი ჟიური იყო წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

ჟიურის წევრები იყვნენ: ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურია; მწერალი რეზო თაბუკაშვილი; მწერალი, კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე. ხოლო დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები