თეა წულუკიანმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიულ მიზნებზე ისაუბრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა საუბარი დაიწყო ტოკიოში ოლიმპიადაზე მყოფი სპორტსმენებისადმი წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას დღესასწაულის მილოცვით და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ქვეყნის დარგობრივი განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავებასა და საზოგადოებისადმი წარდგენას, წარვადგენთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 10-წლიან გეგმას. ამ სამინისტროს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰქვია, თუმცა მე ვამბობ ხოლმე პირობითად, რომ სინამდვილეში ეს არის ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იმიტომ რომ თუკი ჩვენ რამეს ვაკეთებთ, პირველ რიგში ვაკეთებთ სწორედ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს დავუტოვოთ უკეთესი გარემო, ვიდრე თავის დროზე ჩვენ დაგვხვდა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, კულტურაში სამინისტრო სტრატეგიული მიზნებია: საყოველთაო ხელმისაწვდომობა კულტურაზე და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა; კულტურასა და შემოქმედებით პროცესებში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, ხელოვანთა მხარდაჭერა და რაც პრობლემურია და გასაკეთებელი, მათი უკეთესი სოციალური დაცვა, შემოქმედებითი საქმიანობისა და ინდუსტრიების გაძლიერება, სახელოვნებო განათლების განვითარება და ხელმისაწვდომობა, რაზეც თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო ბევრს მუშაობს საქართველოს პარლამენტთან და მის კულტურის კომიტეტთან; ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ და კულტურის როლისა და მნიშვნელობის გაზრდა სახელმწიფოს მდგრად განვითარებაში.
„ეს ერთი წინადადება ნიშნავს გაცილებით მეტს, ვინაიდან ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ კულტურა იყოს ჩვენი ეკონომიკის განვითარების თუ არა მოწინავე რიგებში, ერთ-ერთი აქტიური კომპონენტი მაინც”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები