ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: კონტროლის ღონისძიებების შესახებ გადამხდელთათვის შეტყობინების გაგზავნა განხორციელდა ერთდროულად, შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე
კონტროლის ღონისძიებების შესახებ, გადამხდელთათვის შეტყობინების გაგზავნა განხორციელდა ერთდროულად, ყველა კომპანიისთვის, შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე,-ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა განაცხადა.
მან დეტალურად განმარტა სამაუწყებლო კომპანიების მომსახურე სარეკლამო სააგენტოების გეგმიური საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები. ზაზა თაბაგარმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახური არ შესულა ტელეკომპანია ,,მთავარ არხში“ და არ განუხორციელებია საგადასახადო შემოწმება. კამერალური საგადასახადო შემოწმება, სხვა სარეკლამო კომპანიებთან ერთად ხორციელდება, იმ სარეკლამო სააგენტოშიც, რომელიც ,,მთავარი არხის“ გარდა მომსახურებას უწევს სხვა მეწარმე სუბიექტებს. მისი თქმით, პრევენციის მიზნით, აღნიშნულ კომპანიასთან მხოლოდ დისტანციური კომუნიკაცია განხორციელდა.
,,შემოსავლების სამსახურის მიერ, მუდმივად ხორციელდება გადასახადების ეფექტური ადმინისტრირების სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის გადასახადის გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმებები, რომლებიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისათვის გადამხდელთა შერჩევის ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემას. აღნიშნული სისტემა შემოსავლების სამსახურში აპრობირებულია უკვე დიდი ხნის განმავლობაში და მის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ უწყების პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ამ ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით. ეს ქმედებები შემოსავლების სამსახურში წარმოადგენენ ჩვეულებრივ, სტანდარტულ პროცედურებს, რომლებიც ხორციელდება რუტინულად და თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე, ამაში არანაირი სიახლე არ არის“,- აღნიშნა ზაზა თაბაგარმა.
მისი, განცხადებით, ზემოაღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის სარეკლამო სააგენტოებიც.
,,დამატებით კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, დასახელებული სატელევიზიო კომპანიების მომსახურე სარეკლამო სააგენტოებთანაც მიმდინარეობს იგივე სახის კონტროლის პროცედურა.
აღნიშნული პროცედურები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და გადამხდელთათვის შეტყობინება გაიგზავნა, შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე“,- განაცხადა ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ თავად დაგეგმილი საგადასახადო კონტროლის ღონისძიება წარმოადგენს სტანდარტულ პროცედურას, რომელიც გულისხმობს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე პროცედურის დასრულებას.
აქვე, განვმარტავთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან, მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ მოითხოვს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე გასვლას ან რაიმე სახის ქმედების განხორციელებას და მითუმეტეს საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.