ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიებისთვის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანას უწყობს ხელს
ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია UNESCO-ში ქართული ბუნების, ამ მნიშვნელოვანი ძეგლის დაცულ სიაში შეტანა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ქართული ტერიტორიების UNESCO-ს სიაში შეყვანა დიდი მიღწევაა, რომელიც რეგიონის მოსახლეობას უნიკალურ შესაძლებლობებს უქმნის და საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას უწყობს ხელს.
„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა ვიზრუნოთ. როგორც წესი, ასეთი უნიკალური ძეგლები მოსახლეობით დასახლებულ ადგილებში არ არის ხოლმე წარმოდგენილი, ძალიან შორეულ კუნძულებზეა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არის ჰარმონიაში იმ დიდ ქალაქებთან და დასახლებებთან, როგორიც არის ფოთი, ქობულეთი, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები და ბუნების შენარჩუნება, დაცვა, ბუნებაზე ზრუნვა, ამავდროულად სწორად განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ჩვენიც, სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის.
უნიკალური შესაძლებლობებია ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომ მათ მეტი შემოსავალი მიიღონ, მეტი ეკონომიკა შექმნან, რადგან უნიკალური შესაძლებლობაა, მათ შორის ტურიზმის განვითარებისთვის. საქართველო, რა თქმა უნდა, მეტად მიმზიდველი იქნება ტურიზმისთვის. ჩვენ გვესმის, რომ ტურიზმის ზუსტად ეკოტურისტული მიმართულებები უფრო და უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ.
ამას რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი, სამინისტრო მუდმივად მუშაობს ეკოტურისტული სერვისების განვითარებაზე და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაცულ ტერიტორიებში. ჩვენ მილიონზე მეტი ვიზიტორი გვყავდა 2019 წელს, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ არ იყო დედამიწაზე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებში არათუ აღვადგენთ იმ რიცხვებს, რომელიც გვქონდა ეკოტურიზმის მიმართულებით, არამედ ჩვენი მიზანია, რომ შემდეგი წლების განმავლობაში 8 მილიონი ვიზიტორი ჰყავდეს დაცულ ტერიტორიებს მთელი საქართველოს მასშტაბით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.