გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც „ვალენსიაში“ ითამაშა
„ვალენსიას“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიორგი მამარდაშვილის ფოტო, რომელიც გუნდში სადებიუტო თამაშის დროსაა გადაღებული.
„საქართველო ჩვენს სახლში! გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც „ვალენსიაში“ ითამაშა”, – ასეთი პოსტით გამოეხმაურა ესპანური გუნდი 20 წლის მამარდაშვილის სადებიუტო შეხვედრას.
გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მეორე შეხვედრა ბერძნულ „ატრომიტოსთან“ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოებში იყო, მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და კარი მანაც მშრალად შეინახა.
„ვალენსია“ ბერძნული სუპერლიგის გუნდთან მანუ ვალეხოსა (13) და ჯეისონ რემესეიროს (20) გოლებით პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, ხოლო 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, გონსალუ გედეშმა დააფიქსირა.