მიხეილ სარჯველაძე: ტელეკომპანიების მხრიდან მაუწყებლობის შეჩერება მათი უფლებაა, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიცია
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე 4 ტელეკომპანიის მიერ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობის 24 საათით შეწყვეტას გამოეხმაურა.
“ტელეკომპანიების მხრიდან მაუწყებლობის შეჩერება მათი უფლებაა, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება, თუმცა, მე ნამდვილად არ მგონია, რომ ეს სწორი პოზიციაა”,- აღნიშნა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “დაისაჯოს ყველა მოძალადე!” – პროტესტის ნიშნად, ოთხმა ტელეკომპანიამ: “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” – მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს. ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.