გაერთიანებულ სამეფოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 2020 წლის 27 მარტიდან 21 დეკემბრის ჩათვლით პოლიციამ, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის, 30 ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმა

2020 წლის 27 მარტიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, ინგლისსა და უელსში, პოლიციამ 30 ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმა კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

აღნიშნულია, რომ ჯარიმების რაოდენობა შემცირდა გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც კოვიდრეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდა და გაიზარდა ჯარიმების ოდენობაც.

„მოქალაქეები ძირითადად ჯარიმდებიან პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ტრანსპორტსა და მაღაზიებში. პოლიციის ოფიციალური განცხადებით, ისინი ძალისხმევას მიმართავენ იმ დარღვევების აღმოფხვრისკენ, რომლებიც განსაკუთრებით უქმნიან საშიშროებას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
გაერთიანებულ სამეფოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 8 იანვარს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 68 053 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 325 ადამიანი კი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერს დეპუტატების ერთი ჯგუფი ბრალს სდებს, რომ ზედმეტად გასაიდუმლოებული იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესი კოვიდ რეგულაციების გამკაცრების დროს. მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში საუბარია რამდენიმე საკითხზე. უფრო დეტალურად, ისინი აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით დამალული იყო ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მეცნიერ-მრჩეველთა (SAGE) გუნდის რეკომედაციების შესახებ. მათივე მტკიცებით, SAGE-ს გუნდი არის ძალიან გავლენიანი პანდემიის მართვის პროცესში და მთავრობა, გადაწყვეტილების მიღების დროს, დიდწილად ეყრდნობა მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს. ასევე, ზოგიერთი დეპუტატის მოსაზრებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ არ გაითვალისწინა სხვა ქვეყნების გამოცდილებები კოვიდ ტესტირებასთან, კონტაქტების მოძიებასთან და იზოლაციის წესებთან დაკავშირებით. ასევე, გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ კოვიდ სტატისტიკას მთავრობა არასწორად აწარმოებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საზოგადოების მხრიდან უნდობლობას“,-წერს უცხოური მედია.

ასევე საუბარია მთავრობის პრესმდივნის პასუხზე ბრალდებებთან დაკავშირებით.

„ეს არის გლობალური პანდემია და უჩვეულო პერიოდი ყველასთვის. გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვეყრდნობით ოფიციალურ მონაცემებსა და მეცნიერთა რჩევებს. ვმუშაობთ გამჭვირვალედ და ღიად, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა ჩვენს მიმართ და მუდმივად ვაქვეყნებთ განახლებულ ინფორმაციას ოფიციალური წყაროების საშუალებით“ – აღნიშნა პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები