მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უარესდება – ქვეყნები ეკონომიკური სირთულეების წინაშე დადგნენ – კომპანიების გაყიდვების მაჩვენებელი ეცემა, ავიაკომპანიებმა ფრენები კიდევ უფრო შეამცირეს

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს ვორლდომეტერი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.9 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 63 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 22 977 023 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – დიდი ბრიტანეთია.

WHO-ის განცხადებით, ევროპის კონტინენტზე, კოვიდის ახალი შტამი ზედმეტად სწრაფად ვრცელდება, სიტუაცია საგანგაშოა და აუცილებელია, ძალიან მოკლე დროში გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა დაცული იქნას ადამიანთა ჯანმრთელობა. შესაბამისად, კვლავ აქტუალურია პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ხალხმრავლობის აკრძალვა, კოვიდტესტების რაოდენობის გაზრდა და კარანტინის რეგულაციების დაცვა.

WHO-ის ევროპის ოფისის დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის ვაქცინამ გააჩინა ეპიდემიასთან ბრძოლის ახალი საშუალება, ევროპის ქვეყნების თითქმის ნახევარი ადასტურებს კოვიდის შემთხვევების მაჩვენებლის ზრდას – 100 ათას მოსახლეზე 150 ინფიცირებულს. ამასთან, მისივე განცხადებით, აუცილებელია ქვეყნებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება ვაქცინის დოზებთან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება თანხვედრაში იყო ვაქცინის წარმოებასთან.

დიდი ბრიტანეთში კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიას აპროტესტებენ. კრიტიკოსთა აზრით, ხშირად სწრაფი მოქმედების ნაცვლად ინფორმაციული ვაკუუმი იქმნება, მაგალითად ასე მოხდა რეგულაციების გამოცხადების დროს.

დიდი ბრიტანეთის დეპუტატების კონსერვატიული ფრთა აცხადებს, რომ ქვეყანაში არის ქაოსი, რაც მათი აზრით, დიდწილად მთავრობის გაუმართავი საკომუნიკაციო სტრატეგიის ბრალია.

მას შემდეგ რაც ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი გადასცდა 50 ათასიან ნიშნულს და შესაბამისად, გაიზარდა ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო რეგულაციების გამკაცრება. იგივე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. თუმცა, მომდევნო 36 საათის განმავლობაში, როდესაც ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა ნაბიჯების შესახებ, ამ საკითხზე ფაქტიურად არაფერი თქმულა.

რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებების მიღებაც დროში იწელება.  მაშინ, როდესაც ცნობილი ხდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობას აფრთხილებენ მეცნიერები, მინისტრები აჭიანურებენ მოქმედებას, რასაც მოჰყვება ხოლმე ინფორმაციული ვაკუუმი და ბოლოს სწრაფი მოქმედების გადაუდებელი საჭიროება იქმნება.

2020 წლის 15 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა გადაწყვიტა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საკმარისი იქნებოდა მესამე დონის სიფრთხილის გამოცხადება ქვეყანაში. ამ გადაწყვეტილებით მან არ გაითვალისწინა და ყურადღება არ მიაქცია მეცნიერების რჩევებს რეგულაციების მეტად გამკაცრების შესახებ. რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო უფრო მკაცრი ზომების მიღება, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა.

ლონდონის მერის განცხადებით, დედაქალაქში, მომდევნო დღეებში, შესაძლოა სრულად ამოიწუროს საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა. „დიახ, ვირუსის გავრცელება უკონტროლოა. ჯანდაცვის სისტემა ზედმეტად გადატვირთულია. პანდემიის დაწყების დღიდან არ ყოფილა მომენტი, როდესაც მე ვიყავი ისეთივე შეწუხებული, როგორიც ახლა ვარ. მედიკოსები არიან ძალიან დატვირთულები, დაღლილები და მათ უმეტესობას უკვე აქვს მიღებული ტრავმა, რომლის დაძლევასაც წლები დასჭირდება“ –  განაცხადა მერმა და ხალხს  სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ლონდონში, 6 იანვარს გამოვლინდა კოვიდ ინფიცირების 14 892 ახალი შემთხვევა.

დიდი ბრიტანეთის უფროსი სამედიცინო ოფიცერი, კრის უიტი აცხადებს, რომ გაზაფხულზე, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ვირუსი არსად გაქრება და აუცილებელია, რომ ადამიანებმა რეალურად შეაფასონ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. “თუ ჩვენ არ გავაკეთეთ ყველაფერი სწორად, თუ ადამიანებმა არ გაითვალისწინეს სახლში დარჩენის მოწოდება, ზამთრის შუა პერიოდში, კოვიდის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების პირობებში, სიტუაცია ძალიან დამძიმდება“, განაცხადა უიტიმ.  მანვე აღნიშნა, რომ კოვიდ რეგულაციების დაცვის პირობებში, რისკი შემცირდება და მიაღწევს ისეთ დონეს, რომლის მართვაც იქნება შესაძლებელი.

მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში გამოცხადდა სრული ლოქდაუნი, პოლიციამ მიიღო ახალი ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აკონტროლონ კოვიდ რეგულაციების დაცვა.

პოლიციას აქვს უფლება დააჯარიმოს 18 წელს ზემოთ პირი, რომელიც არ ატარებს პირბადეს ისეთ სივრცეებში, სადაც არსებობს შესაბამისი მოთხოვნა პირბადის ტარების შესახებ. ასევე ისინი, ვინც არ ემორჩილებიან წესებს და იკრიბებიან აკრძალვების მიუხედავად. ჯარიმა განისაზღვრა 200 ფუნტით. რეგულაციების მეორე ჯერზე დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა შეადგენს 400 ფუნტს და ორმაგდება ყოველი მომდევნო დაჯარიმებისას, ხოლო ზედა ზღვარი განისაზღვრა 6 400 ფუნტით. ასევე, დაჯარიმდება ყველა პირი, რომელიც წვეულებებს უწევს ორგანიზებას ან ესწრებიან მათ.

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ქვეყნის კომპანიების 43%-ში დაეცა გაყიდვების მაჩვენებელი,

ანალიზის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, ლოქდაუნის პირობებში, სპორტ-დარბაზები, საცურაო აუზები და დასასვენებელი ობიექტები ყოველკვირეულად 90 მლნ ფუნტს  იზარალებენ. იანვარი ყოველწლიურად იყო ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი თვე. ლოქდაუნის პირობებში, მინიმუმ მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, დაკეტილი იქნება ყველა ეს ობიექტი და მაღალი იქნება ზარალი. შესაბამისად, სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ დახმარებას ხელისუფლებისგან.

ცნობილი გახდა რომ 2020 წლის ნოემბერში, ლოქდაუნით დაწესებული შეზღუდვების გამო სპორტულმა დაწესებულებებმა იზარალეს 29 მლნ ფუნტი, რაც გარდა იმისა, რომ არის დიდი ფინანსური ზარალი და დაკარგული სამუშაო ადგილები, უარყოფითად აისახება მათივე მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

ავიაკომპანია Ryanair-ის გადაწყვეტილებით, 21 იანვრიდან საგრძნობლად შეამცირებენ ფრენების რაოდენობას ირლანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მიზეზად ახალი ლოქდაუნი სახელდება. Ryanair-ის ინფორმაციით, კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ გაუქმებული ფრენებისა და ანაზღაურების შესახებ მოგზაურებმა დროულად მიიღონ  ინფორმაცია და ასევე, მოუწოდეს ირლანდიისა და ბრიტანეთის მთავრობებს, დააჩქარონ ვაქცინაციის პროცესი, რათა ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ მოგზაურობა.

მოგვიანებით Wizz Air-მაც გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინიც გეგმავენ ფრენების შემცირებას.

აშშ-ში კოვიდ-ინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3 865 ადამიანი. ასევე, რეკორდულად მაღალია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. CDC-ის პროგნოზის მიხედვით, იანვარი იქნება ყველაზე ცუდი თვე პანდემიის დაწყებიდან. ვარაუდბენ, რომ იანვრის ბოლოს ქვეყანაში საშუალოდ 405 000- 438 000 კოვიდ გარდაცვლილი იქნება. თუმცა, ენტონი ფაუჩი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის ტემპის აჩქარება სიტუაციას შედარებით შეამსუბუქებს.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე სიტუაცია კალიფორნიაშია, სადაც მაღალია როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზების მაჩვენებლები. ასევე, განუზომლად დიდია დაწოლა ლოს ანჯელესის ჯანდაცვის სექტორზე, რომელიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ მოცემული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ინფიცირების მაჩვენებლის დასტაბილურებას დიდი დრო დასჭირდება.

6 იანვარს აშშ-ში, ლაბორატორიულად დამტკიცებული, კოვიდ-ინფიცირების 253 145 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 3 865 ადამიანი.

იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი არ დაჩქარდება და ტემპი შენარჩუნდება იგივე კვლავ დამძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვაქცინების დოზების საერთო რაოდენობის 70% „დევს თაროებზე“ და მხოლოდ 14% არის უკვე ადმინისტრირებული.

იმუნიზაციის კოალიციის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რთული იქნება სიტუაციის შემობრუნება, რადგან აუცილებელია ვაქცინაციის საერთო პროცესის გაუმჯობესება, რაც საჭიროებს დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაციის პროცესს ართულებს ის დამატებითი რეგულაციები, რაც განსხვავდება სხვა ვაქცინაციის დროს შემუშავებული რეგულაციებისგან.

ბელგიის საწარმოების ფედერაციის ინფორმაციის მიხედვით, პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ბიზნესს, რაც ჯერ კიდევ ბოლომდე არაა ცნობილი. ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესების უმეტესობა, მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების მიუხედავად. ასევე, საწარმოების ფედერაციის უფროსი ეკონომისტის განცხადებით, ოთხი კომპანიიდან 1, სხვაგვარად რომ ვთქვათ, 100 ათასი კომპანია, რომელიც 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით იყო სრულიად „ჯანმრთელი“, დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საერთო ჯამში, ბელგიის ეკონომიკა 2019 წლის მაჩვენებელს 2022 წლის შუა პერიოდამდე ვერ დაუბრუნდება.

ნიდერლანდებში, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო თითქმის ორი კვირის დაგვიანებით. პირველ ეტაპზე აიცრებიან მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლები და საავადმყოფოს მედ-პერსონალი. ქვეყნის მთავრობამ კრიტიკაც კი დაიმსახურა ვაქცინაციის დაგვიანებით დაწყების გამო.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს განმარტებით, ნიდერლანდების სამეფო ოქსფორდის უნივერსიტეტისა და

კომპანია „AstraZeneca“-ს მიერ ერთობლივად შემუშავებული ვაქცინას ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ვინაიდან  ვაქცინა ევროკავშირის მიერ დამტკიცების პროცედურებს ელოდება,  მანამდე ნიდერლანდები „Ppizer-Biontech“-ით ვაქცინაციას იწყებს;

საფრანგეთში, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი გაცილებით ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებდა არაერთი ადამიანი. ამიტომ, საფრანგეთის მთავრობამ შეცვალა ვაქცინაციის ტაქტიკა – აცრა შეუძლია გააკეთოს საავადმყოფოს მედდამ, ექიმების მეთვალყურეობის გარეშე და ასევე, ვაქცინაციისთვის ნებართვის მიღებას ელოდებიან აფთიაქებიც. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით იხსნება ვაქცინაციის დროებითი ცენტრები

იტალიამ ვაქცინის ნაკლები დოზა მიიღო – შეთანხმების მიხედვით, კვირაში ერთხელ იტალიამ უნდა მიიღოს ვაქცინის 470 ათასი დოზა, თუმცა, მიმდინარე კვირაში ქვეყანამ მიიღო ვაქცინის 100 ათასით ნაკლები დოზა, იტალიაში ამჟამინდელი მონაცემებით აცრილია სულ 250 ათასი ადამიანი.

ესპანეთში, მადრიდში ვაქცინაციის პროცესს აკრიტიკებენ, ვინაიდან ჯერ პრიორიტეტული ჯგუფების 5%-ის იმუნიზაციაც კი ვერ მოხერხდა. მიზეზად სამედიცინო პერსონალის სიმცირე და მისი მოუმზადებლობა სახელდება

ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს აშშ-იც – კრიტიკოსთა აზრით, ვაქცინაციის პროცესი არ დაჩქარდება და ტემპი შენარჩუნდება იგივე კვლავ დამძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვაქცინების დოზების საერთო რაოდენობის 70% „დევს თაროებზე“.

იმუნიზაციის კოალიციის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რთული იქნება სიტუაციის შემობრუნება, რადგან აუცილებელია ვაქცინაციის საერთო პროცესის გაუმჯობესება რაც საჭიროებს დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში, თვეში 4 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არის შექმნილი, თუმცა ვაქცინის შეზღუდული რაოდენობის მიწოდების გამო, ამჟამად, თვეში მხოლოდ 1,4 მილიონი პირის აცრა იქნება შესაძლებელი.

უკრაინაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე სკანდალი აგორდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემსყიდველი კომპანიის „უკრაინის სამედიცინო შესყიდვები“ პროცესისგან ჩამოშორება, „უკრაინის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დისკრედიტირების მცდელობის გამო“, მოითხოვა. თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელობამ ჯანდაცვის მინისტრი უფრო იაფიანი ვაქცინის შესყიდვის პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა;

ირლანდიის მთავრობამ ზომების შემდგომი გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან 6 იანვარს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 7 836 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ჰოსპიტალური სექტორი რესურსების ამოწურვის საფრთხის წინაშე დადგა. ახალი შეზღუდვების თანახმად, ქვეყანაში გარდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა, ყველა სხვა მოსწავლისთვის სკოლა დაიხურება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის გარდა, 18 იანვრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სექტორი გაჩერდება.

პორტუგალიაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების დრამატული ზრდა დაფიქსირდა. 6 იანვარს, ინფიცირების 10 027 ფაქტი დადასტურდა, რაც მორიგი ანტირეკორდია. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა, რომლის ვადა 7 იანვარს იწურებოდა, კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა

7 იანვრიდან, ესპანეთის 18 ავტონომიურ რეგიონში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, შეიზღუდა მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება, კომენდანტის საათი გახანგრძლივდა –  22:00-06:00 საათებში. დაიხურა სავარჯიშო დარბაზები და სავაჭრო ცენტრები.

გერმანიაში არსებული შეზღუდვების 31 იანვრამდე გახანგრძლივებასთან ერთად, გერმანიის კანცლერის ოფისის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ შეზღუდვების გამკაცრება არ მოხდება, მაშინ „ლოქდაუნი“ შესაძლოა კიდევ უფრო გახანგრძლივდეს.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიაში გამკაცრებული ზომები სულ მცირე 16 იანვრამდე გაგრძელდება.  7 – 8 იანვარს დაშვებულია  რეგიონებს შიგნით გადაადგილება დაშვებული იქნება,  9 – 10 იანვარს შეზღუდვები კვლავ გამკაცრდება და ქვეყანაში ნარინჯისფერი ზონის რეგულაციები  დაწესდება, რაც რეგიონებს შიგნით გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა წინასწარ შევსებული ფორმა უნდა იქონიონ თან.  აღნიშულ დღეებში სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ;

იტალიური პრესის თანახმად, მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, ყოველკვირეულად, უქმე დღეებზე ნარინჯისფერი ზონის შეზღუდვების გამოცხადების ინიციატივას განიხილავს.

15 იანვრის შემდეგ, დიდი ალბათობით, იტალიის მთავრობა ახალ დეკრეტს გამოსცემს, სადაც ახალი რეგულაციები დეტალურად იქნება აღწერილი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ჩეხეთში 2020 წლის 27 დეკემბერს გამკაცრებული ზომები, სულ მცირე  22 იანვრამდე გაგრძელდება. ამასთან, შეკრებებზე კვლავ 2 კაციანი შეზღუდვა მოქმედებს; 7 იანვარს, ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 17 668 ადამიანი დაინფიცირდა ხოლო 84 ადამიანი კი გარდაიცვალა.

7 იანვარს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 23 729 და გარდაცვალების 506 ფაქტი გამოვლინდა; ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 60 500-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამეში, უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 8 997 ფაქტი გამოვლინდა. გარდაიცვალა 148 პირი.

6 იანვარს, თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 13 830 და გარდაცვალების 191 შემთხვევა დაფიქსირდა.

ისრაელის მთავრობამ, მ/წ 8 იანვრიდან 2 კვირით, მკაცრი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. მოსახლეობას სახლიდან 1 კმ-ზე მეტ მანძილზე გასვლა აეკრძალება. დახურულ სივრცეში 5 პირამდე, ღია სივრცეში კი მაქსიმუმ 10 პირამდე შეკრება იქნება დასაშვები. სკოლები დაიხურება. სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, სხვა მაღაზიები დაიხურება. რესტორნები დაიკეტება და მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისი იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები