მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა; 2021 წლის დადგომასთან ერთად, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ გაამკაცრა კოვიდ რეგულაციები

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა,  – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით 1.8 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 61 მილიონს აჭარბებს.

„ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23 187 265 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია“,- წერს უცხოური მედია.

მათივე ცნობით, რომის პაპმა გააკრიტიკა ის ადამიანები, ვინც ახალი წლის პერიოდში არ იცავენ კოვიდ რეგულაციებს და მოგზაურობენ აკრძალვების მიუხედავად.

“ისინი არ ფიქრობენ მათზე, ვინც რჩება სახლში ეკონომიკური ან „ლოკდაუნით“ გამოწვეული პრობლემების გამო. ისინი მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ. ეს ჩემში ნამდვილად იწვევს დარდს”, – განაცხადა რომის პაპმა.

მისივე თქმით, აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა იზრუნოს საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე. თავად რომის პაპი, წმინდა პეტრეს ტაძართან ხალხმრავლობის ასაცილებლად, საკვირაო წირვას აღავლენს აპოსტოლიკის სასახლის (Apostolic Palace) ბიბლიოთეკიდან.

ასევე აღნიშნულია, რომ  2021 წლის დადგომასთან ერთად, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ გაამკაცრა კოვიდ რეგულაციები, რომლებიც მოიცავს კომენდანტის საათს, გარკვეულ საათებში ალკოჰოლის აკრძალვასა და სრულ „ლოკდაუნს“.

„ჯანდაცვის არაერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დღესასწაულების შემდგომ დღეებში დრამატულად გაიზრდება ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ვაქცინა ხელმისაწვდომია, თავად ვაქცინაციის პროგრამა შეფერხებებით მიმდინარეობს, რადგან ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას გარკვეული პერიოდი დასჭირდა. შესაბამისად, არაერთი ქვეყანა, მათ შორის აშშ და საფრანგეთი, ვერ მიდის ვაქცინაციის იმ გეგმით, რაც დასაწყისში იყო განსაზღვრული“, –  წერს უცხოური მედია.

მათივე ცნობით, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელებულია აშშ-ის 4 შტატსა და 40-მდე ქვეყანაში.

„CDC-ის წარმომადგენლის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ახალი შტამი ხასიათდება მაღალი ლეტალობით. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კოვიდის ახალი შტამი ვრცელდება ბევრად უფრო სწრაფად, რაც ნიშნავს იმას, რომ მომატებული ინფიცირების მაჩვენებლის პირობებში ბუნებრივად გაიზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე.

ნიუ-იორკში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ნიუ-იორკი აშშ-ის მეოთხე შტატია ფლორიდის, კალიფორნიისა და კოლორადოს შემდეგ, სადაც ახალი შტამი გამოვლინდა

ვაქცინაციის პროცესი ჯერჯერობით აშშ-ში ნელი ტემპით მიმდინარეობს, ზოგიერთი შტატის განცხადებით, მათ აქვთ გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები, აღსანიშნავია რომ არ არსებობს ფედერალურ დონეზე დამტკიცებული ვაქცინაციის ერთიანი სტრატეგია, ყველა შტატი მოქმედებს საკუთარი პროტოკოლით და განსაზღვრავს, რა ეტაპზე რომელი რისკ-ჯგუფი აცრას. აღსანიშნავია, რომ შტატები სირთულეებს აწყდებიან ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის დროსაც, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივად ცვლის ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელსაც მიიღებენ ცალკეული შტატები. რამდენიმე შტატის გუბერნატორმა შესთავაზა ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ვაქცინაციის პროცესის ფედერალურ დონეზე დაგეგმვაში მონაწილეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვთ მსგავსი გამოცდილება, რათა პროცესი უფრო ეფექტურად და სწრაფად წარიმართოს.

აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის კიდევ ერთი, ძლიერი ტალღა გამოიწვევს სისტემის სრულ კოლაფსს. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები ნელ-ნელა იწურება და შეუძლებელი იქნება არა თუ კორონავირუსით ინფიცირებულების, არამედ მაგალითად, გულის შეტევით საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა. 31 დეკემბერს, პანდემიის დაწყების დღიდან, დაფიქსირდა ჰოსპიტალიზირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთ დღეში – 125 379 შემთხვევა. სფეროს ექსპერტების აზრით, ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ კარგად გააზრებული, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ხალხმრავალმა შეკრებებმა და კოვიდ რეგულაციების უგულებელყოფამ.

ვაშინგტონის გუბერნატორმა 11 იანვრამდე გაახანგრძლივა სოციალური შეკრებებისა და დახურულ სივრცეებში მომსახურების შეზღუდვები განაცხადა, რომ დამატებითი რეგულაციების შესახებ მიმდინარე კვირაში გაკეთდება დეტალური განცხადება.

კალიფორნიის შტატის დამკრძალავი ბიუროების განცხადებით, მათ უწევთ უარი უთხრან ამერიკელებს შესაბამის მომსახურებაზე, რადგან არ ყოფნით რესურსი. ერთ-ერთი ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებით, 40 წლის მანძილზე პირველად უწევს უარი უთხრას გარდაცვლილთა ოჯახებს, რადგან შეუძლებელია ასეთ მაღალ დატვირთვასთან გამკლავება – ახლანდელი მოთხოვნა 6-ჯერ აღემატება ჩვეულს. ინფორმაციისთვის, 3 იანვარს შტატში კორონავირუსის 45 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა“,- წერს უცხოური მედია.

კოვიდ 19-ის სტატისტიკაზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ იტალიაში, როგორც COVID-19-ით ინფიცირების, ისე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

„4 იანვარს, იტალიის ყველა რეგიონში ნარინჯისფერი ზონის რეგულაციები გამოცხადდა, რომლის თანახმად, რეგიონებს გარეთ გადაადგილება გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე აიკრძალა. პატარა ქალაქებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 5 000-ს არ აღემატება, 30 კმ რადიუსში გადაადგილება არ იზღუდება.

კომენდანტის საათი კვლავ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. მუზეუმები, კინოთეატრები, თეატრები, გალერეები და სხვა დარბაზები დახურული დარჩება; მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სამთო-სათხილამურო კურორტები  7 იანვარს უნდა გახსნილიყო, თუმცა მათი გახსნა  გადაიდო.

5-6 იანვარს, იტალიაში ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მაღალი დონის (წითელი ზონის) შეზღუდვები იმოქმედებს. ამ პერიოდში მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გადაადგილება აეკრძალებათ. ნებადართულია მხოლოდ ღია სივრცეებში ვარჯიში და დღეში ერთხელ, რეგიონის დატოვების გარეშე, ოჯახის წევრებთან სტუმრობა. სახლიდან გასვლისას აუცილებელი იქნება სპეციალური ფორმის შევსება და მისი თან ქონა. აღნიშნულ პერიოდში, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, სამრეცხაოების, გაზეთების ჯიხურებისა და სილამაზის სალონების გარდა, ყველა სხვა ბიზნესი, მათ შორის რესტორნები და ბარები სრულად დაიხურება“,- წერს უცხოური მედია.

ასევე საუბარია საფრანგეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და შეზღუდვებზე.

„ქ. ენესთან ორ მიტოვებულ საწყობში გამართული ორდღიანი საახალწლო წვეულებების ვიზიტორებსა და პოლიციას შორის შეტაება მოხდა. სამართალდამცველებმა COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის გამო, უკანონო წვეულებებზე მყოფი 1 200 პირი დააჯარიმეს და ორგანიზატორები დააკავეს.

საფრანგეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის ნელი ტემპების მიმართ ( 3 იანვრისთვის მხოლოდ 500 პირი აიცრა)  უკმაყოფილებას გამოხატავენ. 4 იანვარს, ქვეყნის მთავრობამ, იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შესახებ განცხადება გააკეთა. ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებს, რომლებიც 50 წელს არიან გადაცილებულნი, 100-ზე მეტ კლინიკაში ვაქცინაციის საშუალება ექნებათ. თებერვლის დასაწყისამდე, ვაქცინა, პირველ რიგში, 75 წელს გადაცილებულ პირთათვის, ხოლო შემდეგ, 65 წელზე უფროსი პირებისთვის გახდება ხელმისაწვდომი“, –  წერს უცხოური მედია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების და ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში ზომების გამკაცრება გარდაუვალია.

„3 იანვარს, გაერთიანებულ სამეფოში, ინფიცირების 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ინგლისში, საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულები არიან სახლში დარჩნენ და აუცილებელი შემთხვევების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ. ბორის ჯონსონის განცხადებებით, ზომები რეგიონული მასშტაბითაც გამკაცრდება. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური რესურსი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.

დიდ ბრიტანეთში, აღმოსავლეთ ლონდონში, პოლიციის ოფიცრებმა დააჯარიმეს ათობით ადამიანი, რომლებიც კოვიდის რეგულაციების დარღვევით შეკრებილები იყვნენ რესტორნის ერთ-ერთ ოთახში და დომინოს თამაშობდნენ. თავდაპირველად, რეგულაციების დამრღვევებს ჰქონდათ მცდელობა პოლიცია დაერწმუნებინათ, რომ იყვნენ რესტორნის თანამშრომლები. თუმცა, მას შემდეგ რაც სიმართლე გაირკვა, დაჯარიმდა რესტორნის მფლობელიც, ისევე, როგორც შეკრების ყველა მონაწილე. პოლიციის განცხადების მიხედვით, ფაქტი, რომ ეს ადამიანები იმალებოდნენ რესტორნის ერთ-ერთ ოთახში ცხადყოფს, რომ მათ კარგად იცოდნენ, არღვევდნენ კოვიდ რეგულაციებით გათვალისწინებულ წესებს“, – წერს უცხოური მედია.

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას, ასევე ყურადღება გამახვილებული ესპანეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, საბერძნეთში, იაპონიაში, რუსეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებაზე.

„ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია. დარგის ექსპერტები ესპანეთში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების რისკებზე საუბრობენ.

4 იანვარს, კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ, პანდემიასთან საბრძოლველად, ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილების აკრძალვა, ხოლო, სპორტული დარბაზებისა და სავაჭრო ცენტრების დახურვა მოხდება. ეს რეგულაციები,  7 იანვრიდან, ესპანეთის ეროვნული დღესასწაულის (მეფის დღე) აღნიშვნის შემდეგ შევა ძალაში.

4 იანვარს, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები, რომლებიც 10 იანვრამდე იყო ძალაში,  31 იანვრამდე გახანგრძლივდა.

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, COVID-19-ით  დეკემბერში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე პანდემიის დანარჩენი პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში ვირუსით – 16 823 პირი, ხოლო 2020 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით 16 248 პირი გარდაიცვალა.

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ირლანდიაში სრული „ლოკდაუნი“ გამოცხადდა, რომელიც 31 იანვრის ჩათვლით ძალაში დარჩება. აღნიშნულ პერიოდში, აკრძალულია სტუმრების მიღება, როგორც სახლში, ისე საკუთარ ბაღებსა და ღია სივრცეებში. საქორწილო და დაკრძალვის ცერემონიების გარდა, ყველა სხვა შეკრება აკრძალულია. ქორწილზე დასწრების 6 კაციანი, ხოლო

დაკრძალვის ცერემონიაზე – 10 კაციანი შეზღუდვა მოქმედებს. მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გადაადგილება ეზღუდება. „ლოკდაუნის“ ფარგლებში, სასურსათო მაღაზიების გარდა, არცერთი სხვა სავაჭრო ობიექტი არ ფუნქციონირებს.

3 იანვარს, მთავრობამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ირლანდიაში  31 იანვრისთვის ვირუსის გავრცელება საგრძნობლად არ შემცირდება, არსებული შეზღუდვები გაგრძელდება და შესაძლებელია გამკაცრდეს კიდეც.

3-11 იანვრის პერიოდში, მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში სრულად აღდგა საახალწლო დღესასწაულებამდე მოქმედი შეზღუდვები – კომენდანტის საათი 21:00-05:00 საათების პერიოდში იმოქმედებს. დაიხურა ეკლესიები, მაღაზიები, სილამაზის სალონები. დაკეტილი დარჩა სკოლები, აიკრძალა ნათლისღებასთან დაკავშირებული ქუჩის მსვლელობები. სახლიდან გასვლა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მიღების საფუძველზე არის შესაძლებელი.

4 იანვარს, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ტოკიოსა და მის შემოგარენში საგანგებო ვითარების გამოცხადების საკითხი განიხილება. ტოკიოსა და მის მიმდებარე სამი პრეფექტურის ხელმძღვანელებმა 8 იანვრიდან თვის ბოლომდე, მოსახლეობას გადაუდებელი საჭიროების გარეშე, 20:00 საათის შემდეგ, გარეთ გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. ამასთან, საკვები ობიექტების დაკეტვაც ამავე დროისთვის უნდა მოხდეს.

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთში, COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 27 000-დან 24 000-მდე მერყეობდა.  4 იანვარს, ქვეყანაში ინფიცირების 23 351 და გარდაიცვალა 482 ფაქტი გამოვლინდა.

3 იანვარს თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 877 და გარდაცვალების 193 შემთხვევა დაფიქსირდა“,- წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები