„თან პოლონეთის განსაკუთრებული სიყვარული წამოიღო“ – გიორგი ერისთავი და ადამ მიცკევიჩი

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გიორგი ერისთავის პოლონური ცხოვრების პერიოდზე სტატუსს აქვეყნებს.
„ისტორიამ და ბრძოლამ იმპერიული მმართველობის წინააღმდეგ ისე მოაწყო, რომ ქართული პროფესიული თეატრის ფუძემდებლის, გიორგი ერისთავის ცხოვრება პოლონეთს მჭიდროდ დაუკავშირა… 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ, ყველა მონაწილე და მათ შორის გიორგი ერისთავიც დააპატიმრეს. 1834 წლის 9 იანვარს შეთქმული ყმაწვილი პოლონეთში გაიგზავნა… ამ მოვლენით დამწუხრებული პოეტი საკუთარ სევდას ლექსით უზიარებდა ერთ-ერთ მეგობარს:
„მივალ, გარნაღა სული აქ მრჩების,
მუნ სევდის ქოხი ობლად დამშთების,
უწყი სოფელი არს სამჭვრეტელი
ყველა გახმების, ვით მწვანე მდელო“.
პოლონეთში ყოფნას ნიჭიერი გიორგი ერისთავისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია, გარდა იმისა, რომ კარგად შეისწავლა პოლონური ენა, იგი ლექციებს ისმენდა ვილნოს უნივერსიტეტში, ზედმიწევნით გაეცნო პოლონურ ლიტერატურას და განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა დიდი პოლონელი პოეტის ადამ მიცკევიჩის შემოქმედებისადმი. ერისთავმა მიცკევიჩის არაერთი ლექსი თარგმნა ქართულად და ამავე დროს მას საკუთარი ლექსიც მიუძღვნა. როგორც ირკვევა, ერისთავი პოლონელ განმანათლებელს პირადადაც იცნობდა.
1838 წლის აგვისტოში ერისთავმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მიიღო, იგი საქართველოში მაშინვე გამოემგზავრა და თან პოლონეთის განსაკუთრებული სიყვარული წამოიღო… ვარშავა, ლამაზი კოკეტკები, ადამი მიცკევიჩისა და მის მიმდევართა იდეები, პოლონური ენის ხიბლი ეს ის თემებია რომელიც გიორგი ერისთავის შემოქმედებას სამუდამოდ აღებეჭდა.
ილუსტრაციაზე: გიორგი ერისთავი და ადამ მიცკევიჩი. მხატვარი ნიკოლოზ დადიანი, დანარჩენი ჩემს წიგნში: „ქართველები მსოფლიო ისტორიაში”. ტომი  6“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები