უკანასკნელ კვირას ოპოზიციურ პარტიათა რიგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: ზოგი ოპოზიციას გამოეყო, ზოგი დაიშალა, უდიდესი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე კი პარტიიდან წავიდა. ოპოზიციისა და პოზიციის მოლაპარაკებები დასავლელ პარტნიორთა მძაფრი კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. ,,კვირა“ ექსპერტ დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა:
-მოლაპარაკებათა ჩიხში შესული პროცესი ხომ არ გახდა იმის მიზეზი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის გარეშე დარჩა?
-ვაშაძემ თავადვე ახსნა პარტიკიდან წამოვლის მიზეზი. შეუძლებელია, ისეთი პოლიტიკური ლიდერის პირობებში, როგორიც სააკაშვილია, შიდაპარტიული დემოკრატიის არსებობა. დემოკრატიული პროცესები ვერ იქნება იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, სადაც ბელადები არსებობენ და ყველა იძულებულია, მათ გემოვნებას დაემორჩილოს. ამიტომაც ვხედავთ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ბელადების ცვლას. ვაშაძის საქციელი, პიროვნული თვალსაზრისით, კარგი საქციელია. როდესაც პარტიაში ინტრიგები იწყება, საბოლოოდ, ის კრახამდე მიდის.
-უკანასკნელ კვირებში დავინახეთ, როგორ გაიყო ,,გირჩი“, რომელმაც, მოულოდნელად, დიდ წარმატებას მიაღწია 2020 წლის არჩევნებში.
-,,გირჩის“ არსებობა საქართველოს მოქალაქეთა განაჩენია და ჩვენსავე გამრუდებულ გონებაზე მიგვანიშნებს. ეს პარტია არის კატასტროფული გაუგებრობა, 31 ოქტომბრის არჩევნებში მათი ამ პროცენტით გამარჯვება ამომრჩეველთა კლინიკური სიმპტომის მანიშნებელია, სხვანაირი ახსნა “გირჩის” იდეოლოგიის არჩევას არ აქვს…
-უკანასკნელ კვირას, გარდა პოლიტიკურ პარტიებში მნიშვნელოვანი ძვრებისა, პოლიტიკოსთა ნაწილი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა დასავლელი პარტნიორების მისამართით…
-პოლიტიკაში ყოველგვარი თანამშრომლობა და მხარდაჭერა გარკვეული დათქმით, ანუ პირობით ხდება. მხარს გიჭერენ, სანამ პირობას ასრულებ. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი დღეს დასავლეთის პოზიციას ახმოვანებს, რომელიც კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით ხდება. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველა საკითხი დიდი იმპერიების ინტერესების შესაბამისად წყდება. 100 წლის წინ ყველაზე დიდი იმპერია დიდი ბრიტანეთი იყო. დღეს უძლიერესი იმპერია ამერიკის შეერთებული შტატებია. ასე რომ, რაც უნდა აგინოს ჩვენმა ოპოზიციამ დასავლეთს, ის მაინც თავის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს კავკასიაში. როგორც ჩანს, ოპოზიციისა და დასავლეთის გზები, დღეის მდგომარეობით, ნამდვილად გაიყო.
-ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა 2020 წლის არჩევნებში რა იყო?
-ხელისუფლებამ შეცდომების დაშვება გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და ქვეყნისთვის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა იკისრა. სწორედ მაშინ რომ გაჩენილიყო 3-4 საღი ოპოზიციური პარტია, დღეს ასეთ დღეში ქვეყანა არ ჩავარდებოდა. ,,შუა გაკრეფის“ პოლიტიკამ უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია წარმოშვა. როდესაც მედიასაშუალებებში მხოლოდ 2 პარტიის სახელი ისმის, ამომრჩეველსაც აქვს განცდა, რომ მათ გარდა პოლიტიკურ ველზე არავინაა, რაც, სინამდვილეში, ასეც არის და თუ არ დაუჭირე მხარი ,,ქოცს“, უნდა აირჩიო მხოლოდ ,,ნაცი“. ეს არის ჩვეულებრივი ,,ფაბლისითი“, როდესაც პარტიები, უნდათ თუ არ უნდათ, ერთანეთს უწევენ რეკლამას, თუნდაც – ლანძღვა-გინებით, მაგრამ მათ ახსენებენ ყველგან, ყოველდღე, ყველა პრობლემის ირგვლივ. 2016 წელს დაშვებული შეცდომის შედეგია ისიც, რომ დღეს არჩევნებში გამარჯვებულ ,,ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, არადა, შესაძლებელი იყო, მმართველ პარტიას არავითარი პრობლემა არ ჰქონოდა…
-როგორ?
-როდესაც შენ ხარ ხელისუფლებაში და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ “დამნაშავე პარტიას” უწოდებ – ან დაუმტკიცე დანაშაული და დაიჭირე, აკრძალე მისი მოღვაწეობა ბოლოს და ბოლოს, ან დაივიწყე ეს პარტია და ნუღარ ახსენებ მას ყოველ წუთს, რითაც ოპონენტის პიარს უწყობ ხელს. ,,ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც 2012 წელს ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა ხალხის უზარმაზარი მარდაჭერით, საზოგადოებისთვის უკვე ნულპროცენტიან საშიშროებას წარმოადგენდა. ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც დღეს ერთი რამ ავიწყდებათ: ყველა პარტია და ხელისუფლება რომ გაქრეს, ქვეყანა არ გაქრება. კრიზისი გამოაჩენს ახალ ძალას. ადამიანებს, ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად მობეზრდებათ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ყოველდღიურად ასეთი უწმაწური სიტყვებით ლანძღავენ ერთმანეთს და დაიწყებს ახალი ძალის ძებნას. ასე რომ, ხელისუფლება დღეს მძიმე არჩევანის წინაშე დგას: ან ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ერთხელ და სამუდამოდ დაუმტკიცოს, რომ დამნაშავე და დესტრუქციული ძალაა, ან სხვაგვარად გაიყვანოს ის პოლიტიკური ველიდან.