მე -10 მოწვევის პარლამენტმა ფუნქციონირება დაიწყო, თუმცა, ოპოზიციის გარეშე. დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის მოლოდინში არიან, თუმცა, მხარეების რიტორიკიდან გამომდინარე, ცხადია, რომ შეთანხმების ალბათობა ძალიან მცირეა. ოპოზიცის მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა და ის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ბიულეტენების გადათვლასა და საარჩევნო რეფორმას სთავაზობს. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები – ამ საკითხზე „ კვირა“ პოლიტოლოგ ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
-ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება დაიწყო.შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 31 ოქტომბრის არევნებით დაწყებული დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ უკანასკნელის მარცხით ან გამარჯვებით დასრულდა?
მე ასე არ დავსვამდი საკითხს. ჩვენ, მე და თქვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები. დიდად პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები არ ვართ. ჩვენთვის მთავარია, საქართველო იყოს კარგად. ნათელია, რომ საქართველო პარლამენტის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ამავდროულად, მე მეჩვენება, რომ ის, რაც გააკეთა ოპოზიციამ, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. პირველი, ვერაფრით ვერ დაამტკიცეს – რომ არჩევნები გაყალბდა. იმას, რომ ასეთი დაპირისპირება იქნებოდა, არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ვპროგნოზირებდი. ამისთვის ემზადებოდნენ. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ოპოზიციური პარტია თავიანთ ინტერესებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე – ქვეყნისას. სხვათა შორის, თავის დროზე ძალიან ვაკრიტიკებდი გრიგოლ ვაშაძეს, მაგრამ ძალიან ღირსეულად მოიქცა, როცა ,,ნაცონალურ მოძრაობა,, დატოვა და ელჩების ლანძღვას გაემიჯნა.
-პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მოსაზრებით, თუ ოპოზიციის ნაწილი მაინც პარლამენტში არ შევა, ხელისუფლება იძულებული იქნება, მომავალი წლის გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. არგუმენტად მოჰყავთ ისიც, რომ პანდემიით დაუძლურებული ეკონომიკაც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს?
არ მგონია, რომ აქამდე მივიდეს საქმე ბევრი მიზეზის გამო. დაუკვირდით, ყველაზე უფრო დიდი ქომაგი ოპოზიციის იყო კონგრესმენი ადამ კინზინგერი, მაგრამ დღეს ისიც დუმს. რატომ – იმიტომ, რომ ამერიკის ინტერესებშია სტაბილურობა საქართველოში. ამერიკა ნელ-ნელა თურქეთს კარგავს. წარმოიდგინეთ, ნატო-ს წევრი ქვეყანაა, რომელიც აკონტროლებს მთელს მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთს. მას სჭირდება ჩანაცვლება და ერთადერთი ალტერნატივა არის საქართველო. აბლოლუტური სიბეცე იყო ლაპარაკი, რომ არსებობენ კეთილგანწყობილი ელჩები და პირიქით. ელჩები წარმოადგენენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ ველოდები გაზაფხულზე საქართველოში დიდ რყევებს. თავის დროზე ,,ვარდების რევოლუციაც,, ვერ განხორციელდებოდა საგარეო მხარდაჭერის გარეშე. მაშინ მართლა იყო რევოლუციური სიტიაცია და ხალხს უნდოდა სწრაფი ცვლილებები. ახლა ასე აღარაა. ხალხს არ უნდა რევოლუცია და აღარც პოლიციაა ის, რაც 2003 წელს იყო. დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, თუ როგორი პოლიტიკა ექნება აშშ-ის ახალ პრეზიდენტ ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას. დიდი ალბათობით, აშშ-ის ახალი ადმინისტაცია საქართველოსთვის მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე ვერ მოიცლის.
-არჩევნებამდე ბევრ ოპოზიციონერზე სხვადასხვა ბრალდებით საქმეებია აღძრული. რას ფიქრობთ, მივა ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე, თუ ეს იყო, ასევ ვთქვათ, წინასაარჩევნო შავი პიარი ხელისუფლების მხრიდან. მაგალითად, ე.წ. კარტოგრაფების საქმე ან ნიკა გვარამიას მისამართით გაჟღერებული ბრალდებები?
არ მგონია, რომ ეს შავი პიარი იყოს. კარტოგრაფების საქმეში ჩვენ გვაქვს სრული არაპროფესიონალიზმი. სიბეცეა, რომ 500-ათასიანი მასშტაბის რუკით საზღვრის დემილიტაციას ცდილობდნენ. არსებობდა თუ არა ამ შემთხვევაში რაღაც კორუფციული ან მოღალატეობრივი გარიგება, არ ვიცი. რაც შეეხება ბატონ გვარამიას. შეიძლება, პოლიტიკური ნიშნით მართლაც იყო გააქტიურებული საქმე, მაგრამ დანაშაულის ნიშნების აშკარად ჩანს. გვარამიამ ნამდვილად იცოდა, რომ ,,რუსთავი 2,, -ს ვერ შეინარჩუნებდა. წააგებდა სასამართლო პროცეს სტრასბურგში და განგებ აკოტრებდა კომპანიას. მე არ ვიცი, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ის, რომ ამ საქმეების ასე უბრალოდ შეჩერება არ შეიძლება, ვიცი.