ბოლო ერთ კვირაში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა გაიზარდა – გიორგი გახარია კერძო კლინიკების ხელმძღვანლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა – გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანლებთა, გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ინფიცირების რაოდენობა მზარდია, აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით შეფერხებები არ შეიქმნას.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალო და მსუბუქისიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება და ამ ნაწილში, ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.

პრემიერმინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვასა და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

კერძო კლინიკების ხელმძღვანლებმა პრემიერმინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, წინა შეხვედრის შემდეგ მოძიებულ დამატებით რესურსებსა და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, მობილიზდეს. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე და ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობაც.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

პრემიერმინისტრი კლინიკების ხელმძღვანლებთან შეხვედრებს ინტენსიურად მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები