სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარ მსხვერპლს საპნად და კექსად აქცევდა – ლეონარდა ჩიანჩულის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება

სტერეოტიპების თანახმად, იტალიელი დედები და ბებოები ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველები არიან, ისინი ყოველთვის უვლიან საკუთარ შვილებს, კარგად კვებავენ და ეფერებიან. როგორც ჩანს, ლეონარდა ჩიანჩულის ცხოვრება სულ სხვა რამეს უმზადებდა.

1939-დან 1940 წლამდე ამ უცნაურმა ქალმა საიქიოს სამი უდანაშაულო ქალი გაამგზავრა. მკვლელობის სქემა ყოველთვის ერთი და იგივე იყო. ლეონარდა იტყუებდა მარტოხელა მეზობელ ქალებს, ასმევდა ღვინოში გაზავებულ ნარკოტიკს, შემდეგ კი ნაჯახით კლავდა. გვამებს ანაწევრებდა, კაუსტიკურ სოდაში აზავებდა და შემდეგ საპნად ხარშავდა. სისხლს კექსების გამოსაცხობად იყენებდა, რითაც სტუმრებსა და ახლობლებს უმასპინძლდებოდა. ამ მკვლელობებისთვის ჩიანჩულიმ 30-წლიანი პატიმრობა მიიღო და სამი წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. უცნობია, კონკრეტულად საკუთარი ცხოვრების რა პერიოდში შეიშალა ეს უბედური ქალი, მაგრამ იტალიის კრიმინალურ ისტორიაში ის სამუდამოდ დარჩება.

ცნობილი საპნის დამამზადებელი კორეჯოდან, ლეონარდა ჩიანჩული 1894 წელს დაიბადა. მისი ბავშვობა უბედურებით იყო სავსე: გოგონა დედამისის გაუპატიურების შედეგად დაიბადა. როგორც ლეონარდა იხსენებდა, დედას ის მთელი გულით სძულდა. მოზარდობის ასაკში ლეონარდამ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, მოგვიანებით კი საკუთარი ცხოვრების ყველა უბედურებას იმითი ხსნიდა, რომ დედამ მას ე.წ. ჯადო გაუკეთა. 1914 წელს ლეონარდა დაბალჩინოსან რაფაელ პანსარდიზე გათხოვდა, რომელიც დედამისს არ მოსწონდა, ვინაიდან თავად გაცილებთ მაღალ სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ. ჩიანჩულის მტკიცებით, სწორედ გათხოვების შემდეგ დედამ ის დაწყევლა.

რა თქმა უნდა, წყევლის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობდა, მაგრამ რთულია, ეს არ დაიჯერო, როდესაც ჩიანჩულის ცხოვრებას გადახედავ. შეუღლებიდან რამდენიმე წელში მისი მეუღლე ციხეში ჩასვეს თაღლითობის გამო, სამი წლის შემდეგ კი მისი სახლი სრულიად დაინგრა მიწისძვრის შედეგად. მას შემდეგ ოჯახი კორეჯოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჩუანჩულიმ პატარა მაღაზია გახსნა. მან ასევე კარგი რეპუტაცია მოიპოვა ქალაქში, როგორც მოალერსე ქალმა, მზრუნველმა დედამ და კეთილმა მეზობელმა. ქორწინებაში ყოფნისას ლეონარდა 17-ჯერ იყო ორსულად, იქედან სამი ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა, 10 ბავშვი კი მას პატარა ასაკში დაეღუპა. ლეონარდა მანამდე მკითხავთან იყო მისული, რომელმაც უთხრა, რომ როცა გათხოვდებოდა, მას შვილები ერთი მეორეს მიყოლებით დაეღუპებოდა. ზუსტად ამიტომ, გადარჩენილ შვილებს ის ძალიან უფრთხილდებოდა. მოგვიანებით, ჩიანჩული ქირომანტთან წავიდა, რომელმაც არაფერი მოიმოქმედა, რათა ქალის შიში წყევლის წინაშე განექარწყლებინა.

თქვენს მარჯვენა ხელზე ციხეს ვხედავ, მარცხენაზე – ფსიქიატრიულ საავადმყოფოს – უთხრა მას ქირომანტმა.

1939 წელს ქალმა გაიგო, რომ მისი უფროსი და ყველაზე საყვარელი ვაჟი – ჯუზეპე იტალიის ჯარს უნდა შეერთებოდა. მისი დაცვის მიზნით, ჩიანჩულიმ გადაწყვიტა, რომ ადამიანური მსხვერპლი იყო საჭირო და საკუთარი მეზობლები ამოარჩია. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ლეონარდა თვითონ იყო დაკავებული ქირომანტიით და ეს ქალები მასთან რჩევის მისაღებად იყვნენ მისულები, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ისინი უბრალოდ მეზობლურად მივიდნენ მასთან. როგორც  უნდა ყოფილიყო, ლეონარდამ მათი მოკვლა გადაწყვიტა.

მოგვიანებით, საკუთარ მემუარებში ჩიანჩულიმ აღწერა, თუ რა ხდებოდა მის სახლში:

მე დიდი ნაჭრები ჩავაგდე ქვაბში, დავამატე იქ შვიდი კილოგრამი გამხსნელი. დიდხანს ვურევდი ნარევს, სანამ ყველაფერი მუქი ფერის მასად არ გადაიქცა, შემდეგ ეს სითხე რამდენიმე ჭურჭელში გადავანაწილე. კარგი საპონი გამოვიდა. რაც შეეხება სისხლს აბაზანაში, მოვიცადე, სანამ ის შესქელდებოდა, შემდეგ გავაშრე ღუმელში, შევურიე ფქვილი, შაქარი, შოკოლადი, რძე და კვერცხი და მოვზილე ცომი. ბევრი კექსი გამოვაცხვე ჩაისთვის და ჩემს სტუმრებს ვაჭმევდი.

ლეონარდამ სამი ქალი მოკლა: ფრანჩესკა სოავი, ფაუსტინა სეტი და ვირჯინია კაჩიოპო.

ჩიანჩული ფიქრობდა, რომ ყველა კვალი გაანადგურა, მაგრამ რაღაც მაინც დარჩა. პირველი ორი მსხვერპლისგან განსხვავებით, ვისაც არავინ ჰყავდა, მესამეს რძალი აღმოაჩნდა და თანაც, ძალიან ცნობისმოყვარე. მან არ დაიჯერა წერილების ამბავი, სადაც უეცარი გამგზავრების შესახებ ეწერა და თანაც დაინახა, თუ როგორ შევიდა მისი დედამთილი ჩიანჩულის სახლში გამგზავრების საღამოს. საკუთარი ეჭვების შესახებ მან პოლიციას აცნობა და მალე ჩიანჩული დააკავეს.

ნაწილი I

გაგრძელება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები