მაკა ბოჭორიშვილი – ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდგომ: დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა
“პროცესების შეფასება როცა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხდებოდეს ობიექტურად”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან შეხვედრის შემდგომ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა განმარტა, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე საუბრისას, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის შეტევები, რომლებიც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, როგორიც არის, მათ შორის, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი.
“ყველა ის ინსტიტუტი, რომლის შექმნაში მონაწილეობს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან არჩევნებზე და ირჩევენ ხელისუფლებას. აბსოლუტურად დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ადამიანებს, მოქალაქეებს, ამომრჩეველს, რომელიც აკეთებს არჩევანს. ყველა ვალდებულია, დავიცვათ მათი არჩევანი და პატივი ვცეთ იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც სწორედ მათი არჩევანის შედეგად აირჩევა. ამ პატივისცემის კონტექსტში, ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა. კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველასთვის თანაბარი და ერთნაირი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის სუბიექტი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.